Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებულ პედაგოგებს ნ.ს-ს და ვ.ქ-ს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა „ალბიონის“ პედაგოგების ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულვებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

აღსანიშნავია, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ.ს. და ვ.ქ. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და ბრალდებულებს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად