Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში ელექტრონულ წიგნებზე თავისუფალი წვდომა ექნება

საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში ელექტრონულ წიგნებზე თავისუფალი წვდომა ექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია - www.lit.ge -ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ეძლევა ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე შექმნილი ვითარების შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და ის სოლიდარული პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს. მინდა მადლობა გადავუხადო ინტერნეტ-მაღაზია www.lit.ge -ს, „პალიტრა L”- სა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ იმ შესაძლებლობისთვის, რომ ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის ხელმისაწვდომს ხდიან, როგორც მხატვრულ, ასევე სამეცნიერო ლიტერატურას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც არდადეგები არის გახანგრძლივებული და სასწავლო პროცესი ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით შეჩერებულია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო კერძო სექტორს, რომ სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ.

აღსანიშნავია, რომ არჩილ სულაკაურის გამომცემლობა სოლიდარობის აქციას კიდევ ერთი შეთავაზებით შეუერთდა. 

ვებგვერდი - www.sulakauri.ge ყველა მსურველს, ნაბეჭდი წიგნის საფასურის გადახდის შემდგომ, წიგნებს საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიაწვდის. გარდა ამისა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უკვე არსებულ პორტალზე: www.sulakauri.edu.ge დარეგისტრირების შემდეგ მოსწავლეებს არდადეგების განმავლობაში შეეძლებათ უფასოდ გადმოიწერონ ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე სასწავლო რესურსი, მათ შორის, აუდიო რესურსი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც მოსწავლეებს სახლში მეცადინეობის საშუალებას მისცემს.

ასევე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პალიტრა L-მა მოსწავლეებს უფასოდ შესთავაზა პლატფორმაზე www.gudabooks.ge არსებული 200-მდე აუდიო წიგნი, რომელიც ცნობილი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.

www.lit.ge -ზე განთავსებული ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის, აუცილებელია:

  • მომხმარებელი დარეგისტრირდეს საიტზე www.lit.ge (ელ.ფოსტით ან ფეისბუქით);
  • ავტორიზირებული მომხმარებელი უნდა შევიდეს "სამკითხველოს" გვერდზე ( https://www.lit.ge/packages/ )
  • სადაც სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი დახვდება უფასოდ;
  • პაკეტის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა სასურველი სამი წიგნის არჩევისა და საკუთარ ბიბლიოთეკაში დამატების საშუალება;
  • სამკითხველოში ხელმისაწვდომია 2093 წიგნი: https://www.lit.ge/index.php…;
  • წიგნების წასაკითხად, ელექტრონულ მოწყობილობაზე აუცილებელია იოტა რიდერის აპლიკაციის გადმოწერა: https://www.lit.ge/aplikaciebi/

წაიკითხეთ სრულად