Baby Bag

ფილტვების ანთება კორონავირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს - ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე ისევ კლინიკაში რჩება

ფილტვების ანთება კორონავირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს - ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე ისევ კლინიკაში რჩება

ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ წამ­ყვანს ზუ­რა ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს კორონავირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს ფილტვების ანთება აქვს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. 

„დაგვიანებული პოსტისთვის ბოდიში. უბრალოდ, დღეს ბევრი ამბავი დამიგროვდა. როგორც არაერთხელ ითქვა, ვირუსი შეიძლება ისევ გააქტიურდეს და ამისთვისაც უნდა იყოთ მზად. ასე და ამგვარად, ბოლო სამი დღეა, შუადღისით მაქვს 37 - 37.1 სიცხე. ანალიზებმაც აჩვენა, რომ სისხლის შედედებასთან ერთად, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებელიც მაქვს მომატებული. შესაბამისად, დღეს კიდევ გადამიღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა ამჯერად კონტრასტიც დაამატეს. ჰოდა ორივე ფილტვის ძალიან პატარა დოზით ინფილტრაცია მაქვს, ანუ ანთება.

როგორც ექიმმა ამიხსნა, მარტივი ფორმაა და საგანგაშო არ არის. ყოველ შემთხვევაში, ანტიბიოტიკი დამიმატეს და კიდევ რაღაც წამალი ღვიძლისთვის. კონტრასტმა ფილტვში ემბოლია არ აჩვენა, რაც კარგი მანიშნებელია.
ირაკლის აქვს პერიოდულად ხველა, თუმცა ანალიზები კარგი. სიცხეც პერიოდულად 37. ჩემგან განსხვავებით, ანტიბიოტიკებს სვამს შემოსვლის დღიდან და ველოდებით მის შედეგებს.
სიმართლე გითხრათ, უფრო დავმშვიდდი, რადგან გარკვეული დიაგნოზი მიჯობს გაურკვეველ მდგომარეობას. ყველაზე ძნელი მომენტი ეჭვის მდგომარეობაში ყოფნაა, როცა კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატში სუნთქვაშეკრული წევხარ და ორად ორ რამეზე ფიქრობ: რა მჭირს და როგორ ვუთხრა მშობლებს.

​როცა საკმარის ძალას და ენერგიას მოიკრებ, რომ ყველაფერს თვალი გაუსწორო (ალბათ, ნაწილობრივ ფეხზეც იკიდებ ყველაფერს იმ მომენტში, რადგან სხვანაირად ძნელია არასასურველი ფრაზების ამოთქმა), მერე ერთი პრობლემით ნაკლები გრჩება. სამწუხაროდ, კორონას ძალიან ძალიან ძალიან ბევრი უსარგებლო ემოცია ახლავს, რომელიც არასდროს და არაფერში არ დაგეხმარებათ.

​უნდა დავრჩენილიყავი სახლში? არ ვიცი. ალბათ, არა. მთავარი პრობლემაც და გამოცანაც ეს არის: ზოგთან კორონა ლამის ფეხის თითის ტკივილიდან იწყება, ზოგთან სიცხით, ხველით, ყელის ტკივილით და ა.შ. ანუ სიმპტომებიც ძალიან განსხვავებულია და შემდგომი განვითარებაც. მთავარია, ერთმანეთი არ დაანევროზოთ. უბრალოდ, არ ქნათ ეგ. გთხოვთ.

​ხოლო თქვენ, ვისაც კიდევ არ გჯერათ კორონას არსებობის, თქვენ გაქვთ სრული უფლება, გჯეროდეთ ან არ გჯეროდეთ იმის, რაც გინდათ ან არ გინდათ. მთავარია, თქვენი რწმენა სხვის ჯანმრთელობის პრობლემა არ გახდეს და ისე კი რაც გინდათ, ის გიქნიათ. 😊

​დაბოლოს, რაიმე კარგი და სხარტი მინდა, გითხრათ ბოლოს და ისევ მარკ ტვენს დავესესხები: „პატარა წერილის დაწერისთვის დრო არ მყოფნის, ამიტომაც დიდ წერილებს ვწერ."

​ჯანმრთელობა ყველას,“ - წერს ზურა ბალანჩივაძე.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორი ზაფხული გველოდება - გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყნებს

როგორი ზაფხული გველოდება - გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ​2020 წლის ზაფხულის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებზე ზაფხულის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, ნალექების რაოდენობა კი აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.

სპეციალისტები სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-23) მომზადებული 2020 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

დეტალური ინფორმაცია ზაფხულის სეზონის შესახებ იხილეთ სააგენტოს ვებ-გვერდზე.

წაიკითხეთ სრულად