ორსულობის მესამე ტრიმესტრისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა გინეკოლოგი მარიამ სულავა, რომელმაც მშობიარობისთვის მოსამზადებელი რჩევები გაგვიზიარა:
- პირველ რიგში, გვაინტერესებს რა დამახასიათებელი ნიშნებია ორსულობის მესამე ტრიმესტრისთვის?
- მეორე ტრიმესტრი დამთავრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხართ 28 კვირის. სწორედ ამ დროიდან იწყება მესამე ტრიმესტრი. ნაყოფის ყველა ორგანოს განვითარება დასრულებულია, ანუ ამ ეტაპიდან ის არის უკვე სიცოცხლისუნარიანი, თუ მოხდა ნაადრევი მშობიარობა ეს ორგანოები მხოლოდ ზრდას გააგრძელებენ. ერთადერთი, რაც არ აქვს ჯერ, არის კანქვეშა ცხიმი, რის გამოც არ შეუძლია სხეულის ტემპერატურის რეგულირება და ასევე ფილტვები, რისი განვითარებაც მხოლოდ მესამე ტრიმესტრის ბოლოსკენ სრულდება. ამ დროისთვის ნაყოფის წონა არის 1-1.5 კილოგრამი, ხოლო მესამე ტრიმესტრის მეორე პერიოდიდან, ანუ 36 კვირიდან ნაყოფი მშობიარობისთვის ემზადება, ანუ კანქვეშა ცხიმის განვითარება და ფილტვები სრულდება. ამ პერიოდიდან 2.4-3 კილოგრამამდე იწონის და სიგრძეში 50 სანტიმეტრი, ეს სტანდრატებია, ცოტა ნაკლები ან მეტი არ არის საგანგაშო. მათ ყველაფერი დასრულებული აქვთ და ემზადებიან დაბადებისთვის. ეს რაც შეეხება ნაყოფს, ახლა დედის მდგომარეობას შევეხოთ. მეორე ტრიმესტრისგან განსხვავებით უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ტრიმესტრი პირველს ჰგავს. პირველ ტრიმესტრში ორგანიზმი განიცდის ადაპტაციას ნაყოფთან შესაგუებლად, ხოლო მესამე ტრიმესტრში უკვე ძალიან დიდი ოდენობით არის ჰორმონები, ყველა ორგანო დაჩაგრული ჰყავს საშვილოსნოს, რადგან ძალიან არის გაზრდილი და აწვება მათ. რას გრძნობს ამ დროს დედა, განვიხილოთ ჯერ ემოციური ფაქტორები.
მესამე ტრიმესტრში, წინა პერიოდთან შედარებით, მეტად აწუხებთ ორსულებს ფორიაქის შეგრძნება, რადგან ისინი უკვე მოლოდინში არიან და არ იციან, რა ელით წინ, ამიტომ ჩნდება მათში შიშის და შფოთვის პრეცედენტები. ემოციები, რაც აწუხებთ ორსულებს, გაზიარებული უნდა იყოს მეუღლესა და მეგობრებთან, რომ ისინი დაეხმარონ დედებს მშობიარობისთვის მომზადებასა და შეგუებაში. ძალიან კარგია თუ მანამდე მიიღებენ ცოდნას მშობიარობის და ორსულობის მდგომარეობების შესახებ. ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, ქოშინი და სხვა. ეს იმისთვის ხდება, რომ ორგანიზმი ემზადება მშობიარობისთვის. ყველა რესურსსა და ენერგიას ინახავს მშობარობისა და ლაქტაციის პროცესის დაწყებისთვის.
გარდა ამისა, ორსულმა ყურადღება უნდა მიაქციოს პირის ღრუს, რადგან შეიძლება იყოს სისხლდენა. კარგი იქნება თუ მიაკითხავს სტომატოლოგს.
ასევე უნდა დააკვირდეს მკერდს, შეიძლება აქამდეც ჰქონდა რამე გამონადენი, მაგრამ მესამე ტრიმესტრის ბოლო კვირებში შესაძლოა ჰქონდეს გამონადენი, ხსენი, რომელიც თბილი წყლით და საპნით შეუძლია ჩამოიბანოს, არანაირი უხეში ჩარევა არაა საჭირო, არც მასაჟები. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბიუსტჰალტერზე, რომელიც უნდა იყოს რბილი და არ უნდა აჭერდეს მკერდს არცერთ ადგილას, კარგი იქნება თუ მორგებული იქნება ლაქტაციაზეც.
რაც შეეხება ქოშინს, ესეც განპირობებულია იმით, რომ საშვილოსნო აწვება დიაფრაგმას და სასუნთქ სისტემას.
ჩივილებს შორის ერთ-ერთი შეიძლება იყოს ფეხების შეშუება, რაც ასევე ფიზიოლოგიურად მიიჩნევა, რადგან ძალიან უჭირს სისხლს მიმოქცევა, ამისათვის ორსულებმა დღის განმავლობაში ცოტა ხნით მაინც უნდა შემოაწყონ მაღალზე ფეხები.
შეიძლება ამ პერიოდში დაიწყოს მენსტრუალური ციკლისთვის დამახასიათებელი ტკივილები, მოვლითი, წუთიერი ან წამიერი, მაგრამ ეს არის მოსამზადებელი ტკივილები და საშიში არაა. კარგია სუფთა ჰაერზე სიარული, როგორც ჟანგბადის მიღების თვალსაზრისით, ისე ფეხების გავარჯიშების კუთხით, თუმცა არ უნდა იყოს ზედმეტი დატვირთვით. წოლა არ არის კარგი, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში. უნდა მოვამზადოთ ოჯახიც და მათგანაც დადებითი ემოციები მივიღოთ. ჩავალაგოთ სამშობიარო სახლისთვის ჩანთა და კარგი იქნება თუ ამ პერიოდიდან ნელ-ნელა ეცოდინება ორსულს, ვინ იქნება მისი მეანი და რომელ სამშობიარო სახლში აპირებს მშობიარობას.
- რას ურჩევთ დედებს, როგორ იკვებონ, რომ მშობიარობისთვის და მისი შემდგომი პერიოდისთვის მოიკრიბონ ძალები?
- მთელი ორსულობის განმავლობაში კვებაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ყველა ვიტამინს ბავშვი იღებს დედისგან და ორგანიზმი რომ არ გამოიფიტოს, ამისთვის მშობელი კარგად უნდა იკვებოს. კვებასთან დაკავშირებით არაფერი იცვლება, რაც მთელი ორსულობის განმავლობაში არის რეკომენდებული, მესამე ტრიმესტრშიც ასეა, ცხადია, ცილებისა და ვიტამინების მიღებაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, ასევე წყლის მიღება შეიძლება იმდენად აღარ იყოს საჭირო, მაგრამ მაინც უნდა მიიღოს. აკრძალვები რაც იყო: გაზიანი სასმელი, ალკოჰოლი, სიგარეტი და მსგავსი რამ, ისევ აკრძალვად რჩება. დიდად არ იცვლება პროტოკოლი, თუმცა ხორცის და ხილ-ბოსტნეულის მიღება ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეიძლება ბოლო პერიოდში მიდრეკილება იყოს როგორც ყაბზობისკენ, ისე დიარეისკენ, ასეთ შემთხვევებში კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მესამე ტრიმესტრში განსაკუთრებით ხდება წონის ნამატი, დღის პირველი ნახევარი, საუზმე უნდა იყოს უფრო ნოყიერი და ხილიც ამ პერიოდში მიიღონ, რადგან ძალიან უჭირს ამ დროს ორგანიზმს გადამუშავება, ამიტომ საღამოს პერიოდი განსაკუთრებით მსუბუქი უნდა იყოს. კალორიულად ნაკლებად დატვირთული.
- რა აქტივობებით უნდა დაკავდნენ ორსულები მესამე ტრიმესტრში და რა შეზღუდონ?
- რადგანაც მესამე ტრიმესტრში განსაკუთრებით დამძიმებულია ორგანიზმი, არის სიმძიმის შეგრძნება ფეხებში და გადაადგილება შედარებით ჭირს, ამიტომ კარგი იქნება თუ ვარჯიშებს გააკეთებენ, რაშიც იგულისხმება ფეხების მაღალზე შემოწყობა, სეირნობა და სუნთქვითი ვარჯიშები. როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება იყოს ტკივილები და ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სეირნობა ამ პროცესსაც გააადვილებს. თუ ორსული აქამდე ვარჯიშობდა და მას ჰქონდა თავისი პროგრამა ტრენერთან ერთად გავლილი, ამ შემთხვევაში უნდა გადავიდეს უფრო მსუბუქ დატვირთვაზე. აკრძალვას რაც შეეხება, აკრძალულია მთელი დღე წოლა და უმოძრაოდ ყოფნა. თუ განსაკუთრებით გამოგივლინდათ რომელიმე ჩვენება (ფეხების შეშუპება ან ტკივილები) უნდა მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს.
- როგორია ბოლო ტრიმესტრში ორსულობის მდგრადობა ვირუსების და განსაკუთრებით, კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ?
- რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს უქმნის მთელს მსოფლიოს, განსაკუთრებული რისკ-ჯგუფები არიან მოხუცები, ახალშობილები და ორსული ქალები. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით უნდა დაიცვას თავი ორსულმა, რომ არ მოხდეს დაინფიცირება, ასევე საყურადღებოა, რა მდგომარეობაში ხვდება ის ვირუსს, უკვე აქვს თუ არა გადატანილი ან ვაქცინირებული არის თუ არა. მაქსიმალურად უნდა იყოს თავიდან არიდებული მშობიარობის პერიოდში დაინფიცირება. რაც შეეხება საშიშროებას, ნაყოფი ყველანაირად დაცულია, პლაცენტა ფილტრავს ყველა ვირუსს, რომ არ მოხდეს ნაყოფის დაინფიცირება, თუმცა, რა თქმა უნდა, გადადის ანტისხეულები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გრძნობს დედა თავს. თუ მსუბუქია ორსულის მდგომარეობა, არანაირი საფრთხე არ ემუქრება პატარას. მნიშვნელოვანია, როგორ მდომარეობაში შეხვდება დედა ვორუსს, ვაქცინაცია არ გვიცავს გადადებისგან, მაგრამ ამსუბუქებს ვირუსის მიმდინარეობას. სამშობიარო სახლები მაქსიმალურად ცდილობენ უზრუნველყონ ორსულთა უსაფრთხოება. მისვლისთანავე ხდება ორსულის ტესტირება და დადასტურების შემთხვევაში ხდება სპეციალიზებულ სამშობიარო სახლებში გადამისამართება. თუ ხდება პარტნიორული მშობიარობა, ცხადია, პარტნიორიც იღებს ტესტს ვირუსზე და ისე შედის სამშობიარო სახლში.
ესაუბრა ელენე ოვაშვილი
წაიკითხეთ სრულად