Baby Bag

„ბავშვების გარეშე სკოლა ოქროდაკარგული დუმილია“ - გია მურღულია

„ბავშვების გარეშე სკოლა ოქროდაკარგული დუმილია“ -  გია მურღულია

ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

უბავშვებო სკოლა ძნელი საცქერია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ და ეს საკამათო არ არის, მაგრამ... უბრალოდ, ძნელია ასეთი სიცარიელის უემოციო აღქმა. ბავშვების გარეშე სკოლა ოქროდაკარგული დუმილია.

დღეს ეკრანზე ყველა მათგანი ვნახე, მათი ხმა გავიგონე, პასუხები მოვისმინე, რაც დაგეგმილი მქონდა, ვასწავლე, დავალებაც მივეცი, ვისაუბრეთ და გავიღიმეთ კიდეც.

ეს ყველაფერი დისტანციურად მოხდა. რას ვიზამთ - ვირუსმა ჯერ-ჯერობით სხვა გზა არ დაგვიტოვა. რაც გარდაუვალია, იმაზე მოთქმა არ ღირს. გონიერი ადამიანები საქმეს ყოველგვარ ვითარებაში აკეთებენ. ამით განსხვავდებიან ისინი მიზნობრივად მოლაყბეთაგან.

დავამარცხებთ ჩვენ ამ ვირუსს - სკოლა არასდროს არავისთან აგებს ბრძოლას. არ შეიძლება, მომავალი რამეს ვაგლახად დაექვემდებაროს.

ეს ყველაფერი ჩაივლის და საკლასო ოთახებს ჩვენი ბავშვები შეავსებენ - ფიქრით, სიცელქით, კითხვებით, პასუხებით, ძიებით.

მე მათ უკვე ვხედავ აქ.

ამ სიცარიელეს გასაოცარი და მომნუსხველი სისავსე აქვს.

ისინი მაინც აქ არიან.

ვინ არის ნამდვილი მასწავლებელი? - ის არასდროს შებღალავს მოსწავლის (ზოგადად - კაცის) ღირსებ...
ვინ არის ნამდვილი მასწავლებელი? - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ​ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 
„რამდენიმე ფრაზა ჩემი მომავალი მოსწავლისთვის... არანაირ ცოდნას არავითარი მნიშვნელობა არ აქ...
ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ 12 შეგონებასთან ერთად გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ყველაზე დიდი მასწავლებელი პირადი მაგალითია - თავად იყავით იმ პრინციპთა თვალსაჩინო განსახიერება, რომლებსაც მას ასწავლით

ამ 12 შეგონებასთან ერთად გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ყველაზე დიდი მასწავლებელი პირადი მაგალითია - თავად იყავით იმ პრინციპთა თვალსაჩინო განსახიერება, რომლებსაც მას ასწავლით
ფილოლოგმა გია მურღულიამ მშობლებს შვილების აღზრდასთან დაკავშირებით  12 რჩევა მისცა:

1. არ დაგაბრმავოთ სიყვარულმა - ობიექტურობის დაკარგვა ხიფათთა შორის უპირველესია. არარეალური მოთხოვნები თქვენს შვილსაც გააუბედურებს და თქვენც - იმედგაცრუება არც ერთისთვის საჩუქარი არ არის.

2. არ გაზარდოთ საკუთარი ასლი - თქვენი ვაჟი თუ გოგონა თქვენივე მიზნების (ზოგჯერ განუხორციელებლის) მიღწევის საცდელი სივრცე არ არის. მას საკუთარი ცხოვრება უნდა ჰქონდეს და არა თქვენ მიერ დაკვეთილი თუ კონსტრუირებული.

3. დააინტერესეთ ის კულტურითა და განათლებით - სხვაგვარად სხვებისთვის ხანგრძლივად საინტერესო არ იქნება.

4. დაუტოვეთ მას თავისუფალი დრო საკუთარ თავზე დასაფიქრებლად - ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ ვითარდება, როდესაც მარტო რჩება - აანალიზებს და აფასებს იმას, რასაც შეიმეცნებს ან თავს გარდახდება.

5. იყავით ზომიერად მომთხოვნი - უფლებებთან ერთად ასწავლეთ შვილს, რა არის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ადამიანის, საზოგადოების, სახელმწიფოს, სამყაროსა და საკუთარი თავის წინაშე.

6. ასწავლეთ სამართლიანობა და კანონის პატივისცემა - უსამართლობა კლავს პიროვნებას და საზოგადოებასაც.

7. დაანახვეთ და შეაგრძნობინეთ სამყაროს, ადამიანისა და ხელოვნების მშვენიერება - ცოდვაა ადამიანი, ვინც ყველაფერში მარადიულ შეუხედაობას უმზერს და არ შეუძლია სილამაზის დანახვა.

8. გამოყავით დრო საკუთარ შვილთან ურთიერთობისთვის - მას ის ყოველთვის სჭირდება, ორმოცდაათსაც რომ გადააბიჯოს - ერთმა „დაზოგილმა“ დღემ შეიძლება წლები დაგაკარგვინოთ.

9. ასწავლეთ, რომ აუცილებელია რაციონალურობისა და ემოციურობის ბალანსი („გონიერი გული“ - როგორც სოლომონ ბრძენი და რუსთველი ახსენებდნენ). მხოლოდ ამ ბალანსით მოიპოვებს ადამიანი ბედნიერებას, რომლიც მიღწევის უფლებაც მას დაბადებიდან აქვს.

10. უთხარით და გააგებინეთ, რომ ადამიანს აქვს შეცდომის უფლება - იდეალური არავინ არის და მიტევების უნარი აუცილებელი ღირსებაა. ასწავლეთ, განასხვავოს შეცდომა და დანაშაული.

11. შეეცადეთ აუხსნათ, რომ რწმენა ვერ ჩაანაცვლებს ცოდნას და - პირიქით.

12. ასწავლეთ, რომ კაცმა მხოლოდ სიკეთესთან, სიყვარულთან და ღირსებასთან ერთად შეიძლება სძლიოს ეგოიზმს, რომელიც ნამდვილი ადამიანის ყველაზე დიდი მტერია.

ამ 12 შეგონებასთან ერთად გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ყველაზე დიდი მასწავლებელი პირადი მაგალითია - თავად იყავით იმ პრინციპთა თვალსაჩინო განსახიერება, რომლებსაც მას ასწავლით. თუ ასე არ იქნება, ის მხოლოდ თვალთმაქცობას ისწავლის.

და ბოლოს:

რაღაც იცოდე, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ცოდნის შესაბამისად მოქმედებ.

კარგად აუხსენით თქვენს შვილს, რომ ადამიანს სამი რამ გამოავლენს სამყაროს წინაშე: მისი ფიქრი, მისი სიტყვა და მისი საქმე.

მესამე - ყველაზე მეტად.
წაიკითხეთ სრულად