Baby Bag

ერთ დღეს ჩემს მოსწავლეებს ეს იგავი წავუკითხე

ერთ დღეს ჩემს მოსწავლეებს ეს იგავი წავუკითხე


ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

ერთ დღეს ჩემს მოსწავლეებს ეს იგავი წავუკითხე:

დიდი ხნის წინ ერთ ქალაქში ცხოვრობდა მასწავლებელი, რომელსაც ბევრი მოწაფე ჰყავდა. ერთხელ მათ შორის ყველაზე ნიჭიერი ჩაფიქრდა: „არსებობს კითხვა, რომელზეც ჩვენი მოძღვარი ვერ მიპასუხებს?“
აყვავებულ მინდორში ულამაზესი პეპელა დაიჭირა და ხელისგულებში მოიმწყვდია. პეპელა ხელისგულებზე ფეხებით ებღაუჭებოდა და უღუტუნებდა. გაღიმებული მოწაფე მასწავლებელთან მივიდა და ჰკითხა:
- აბა, მითხარით: ხელებში ცოცხალი პეპელა მყავს თუ მკვდარი?
მას მშვენიერი მწერი ხელისგულებში ისე ჰყავდა მომწყვდეული, რომ ნებისმიერ წამს მზად იყო, მასწავლებლის პასუხის შესაბამისად, ცოცხალი დაეტოვებინა ან მოეკლა. მოძღვარს მისი ხელებისთვის თვალიც არ შეუვლია, ისე უთხრა:
- ყველაფერი შენს ხელშია.
ჩემმა მოსწავლეებმა ეს იგავი ასე შეაფასეს:
1. იგავები მარტივად გვესაუბრებიან რთულზე;
2. ფრაზებს განსხვავებულ სიტუაციებში სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ;
3. პრობლემებს არა ერთი გადაწყვეტა აქვთ;
4. ცხოვრება სავსეა პიროვნულ გადაწყვეტილებათა სიმრავლით;
5. ის დამუხტულია, აგრეთვე, ფარდობითობებით;
6. გამოცდილება მეყსეულ პასუხებს ბადებს;
7. ზოგჯერ ასწავლო, ნიშნავს მარტო დატოვო საკუთარ თავთან.
იმ დღეს ჩემს ბავშვებს არა უშავდათ - სტანდარტულ სიმაღლეზე დაბლა არ ჩამოსულან.
არც კი იციან, როგორ მიყვარს ისინი, როცა ფიქრობენ და... ნებისმიერ სხვა დროსაც.

შეიძლება დაინტერესდეთ

„​არის ხალხი, ვისაც რაღაც უცნაური, დაჟინებული ვნებით აინტერესებს, ხვალ როგორი ამინდი იქნება“...

„​არის ხალხი, ვისაც რაღაც უცნაური, დაჟინებული ვნებით აინტერესებს, ხვალ როგორი ამინდი იქნება“...

„​არის ხალხი, ვისაც რაღაც უცნაური, დაჟინებული ვნებით აინტერესებს, ხვალ როგორი ამინდი იქნება. ხალხი რა, ერთი ჩემი მეზობელი კაცია ასეთი, რომელიც ნათესავადაც მეკუთვნის. ოთხმოცდაათიანების უყველაფრო გარიჟრაჟზე, ისე დაკვირვებით უყურებდა ხოლმე ჩემთვის იმ სახლში გაუგებრად აღმოჩენილ ბარომეტრს, თითქოს მეორე დილით, დიდი-დიდი, საღორეში არ იყო მისასვლელი, ტახისთვის ქატოს დასაყრელად. დეტალურად იწერდა ქარის სავარაუდო სიჩქარეს და მერე ამოწმებდა. ახლო-მახლო მცხოვრები ადამიანები, თუ ყანაში წასვლის ჟამი აწევდა, გასძახებდნენ ხოლმე - უუ, ელგუჯიე, რაფერი ამინდი იქნება ხვალ? და ელგუჯია დიდი სიამაყით და საგანგებო სიდინჯით მოახსენებდა. რადიოში, ამინდის გამოცხადების წუთები სახარების კითხვის რიტუალივით წმინდა იყო მისთვის. ყველა რაიონის ამინდის პროგნოზს უსმენდა გაფაციცებით, ინიშნავდა და ადარებდა. თითქმის წარმოუდგენელი საქმე იყო იმ დროს ხმის ამოღება, ჩახველებასაც კი ვერ გაბედავდი.

ამასწინ ვნახე. შვილიშვილის ტელეფონში, მისივე რეკომენდაციით, რაღაც პროგრამა გადმოუწერიათ, ამინდს აჩვენებს მსოფლიო რუკაზე. დღეში სამჯერ ამოწმებს. უკვე მოხუცი. კბილნაკლული და ცოტა კოჭლი. თუმცა ამ საქმეში მხნე და შეუდრეკელი. ჰოდა, ვნახე და მითხრა, ძალიან მიკვირსო. რა მეთქი? - ვკითხე. უკვე ერთი წელია ვაკვირდები და ჩრდილოეთ აფრიკის თავზე ღრუბელი არ დამინახავსო.
ჰოდა, გაუმარჯოს ელგუჯიას. ამ ახირებულ კაცს, გურიის ერთ პატარა სოფელში, რომელიც აფრიკის ზეცის ამბავზე დარდობს. მე ასეთი ადამიანი მიყვარს.“

ავტორი: მწერალი გიორგი კეკელიძე 

წაიკითხეთ სრულად