Baby Bag

6 კულინარიული შეცდომა, რომელსაც ყველაზე გამოცდილი დიასახლისებიც უშვებენ

6 კულინარიული შეცდომა, რომელსაც ყველაზე გამოცდილი დიასახლისებიც უშვებენ

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ 6 კულინარიული შეცდომა დაასახელა, რომელსაც ყველაზე გამოცდილი დიასახლისებიც კი უშვებენ.

  • პროდუქტების გასინჯვა

დიასახლისების დიდი ნაწილი პროდუქტებს სხვადასხვა მიზნით გემოს უსინჯავს. ძალიან დიდი შეცდომაა მოუმზადებელი ნახევარფაბრიკატი პროდუქტების გასინჯვა მასში მარილისა და სანელებლების შემცველობის დასადგენად. ამაზე უფრო საშიშია საკვების გასინჯვა იმ მიზნით, რომ გაიგონ, გაფუჭდა თუ არა ის. ბევრი ქალბატონი გემოს უსინჯავს ცომს, რომელიც უმ კვერცხს შეიცავს. ეს, შესაძლოა, სალმონელოზის წყაროდ იქცეს, რის გამოც, ამ მავნე ჩვევაზე უარი უნდა ვთქვათ.

  • ყველა პროდუქტის დასაჭრელად ერთი დაფის გამოყენება

უმი ხორცის დაფა სხვა პროდუქტებისთვის არ უნდა გამოიყენოთ. სამზარეულოში აუცილებლად უნდა იყოს ცალკე დაფა ხორცის, თევზის, ბოსტნეულისა და მზა პროდუქტებისთვის. უმი და მზა პროდუქტები ერთად არ უნდა დაიჭრას.

  • ფრინველის ხორცის გარეცხვა გამდინარე წყალში

ეს გავრცელებული ჩვევა ძალიან საზიანოა. კამპილობაქტერიოზის ბაქტერია თითქმის ყველა ფრინველის ნაწლავში გვხვდება. ის ადვილად კვდება მაღალი ტემპერატურის ქვეშ, როდესაც პროდუქტის სათანადო თერმული დამუშავება ხდება. ქათმის ხორცის წყლის ჭავლის ქვეშ გარეცხვის დროს, შხეფები სამზარეულოში სხვადასხვა ადგილზე ეცემა, ხვდება ხელებსა და ტანსაცმელზე, რაც ინფიცირების რისკებს ზრდის. ინფიცირების თავიდან აცილებისთვის საკმარისია ხორცის სრულფასოვანი თერმული დამუშავება.

  • კერძების გაგრილება

ჩვეულებრივ დიასახლისები ცხელ კერძებს მაცივარში არ ინახავენ, რათა მისი დაზიანება თავიდან აიცილონ. ისინი კერძს ოთახის ტემპერატურაზე 8-10 საათის განმავლობაში გასაციებლად ტოვებენ, რითაც მასში ბაქტერიების გამრავლების რისკებს ზრდიან. ამ ყოველივეს თავიდან ასარიდებლად კერძი სწრაფად უნდა გააციოთ, თუნდაც ცივ წყალში. ევგენი კომაროვსკის თქმით, 30 გრადუსამდე ტემპერატურაზე, კერძის გასაცილებლად დატოვება მაქსიმუმ 2 საათით შეიძლება, 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე კი მხოლოდ 1 საათით.

  • ეკონომია სარეცხ ღრუბლებსა და ტილოებზე

ევგენი კომაროვსკის თქმით, სამზარეულოს ტილოებზე მიკრობების კონცენტრაცია 100-ჯერ მაღალია ვიდრე საზოგადოებრივ ტუალეტებში. პედიატრმა ქალბატონებს ურჩია, რომ თუ ისინი ტილოებს ვერ ელევიან, ის თეფშზე დადონ და სულ ცოტა 1 წუთით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსონ. ამგვარად ისინი სტერილიზაციის პროცედურას ჩაატარებენ და ინფექციის პოტენციურ წყაროს გაანეიტრალებენ.

  • ხელების იშვიათად დაბანა საკვების მომზადების პროცესში

ევგენი კომაროვსკის თქმით, დიასახლისები ხშირად ვერ ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია კერძის მომზადებისას ხელების ხშირი დაბანა. მისი თქმით, დიასახლისმა საკვების მომზადების ყველა ეტაპის დაწყებისა და დასრულების შემდეგ ხელი აუცილებლად უნდა დაიბანოს.

წყარო: ​komarovskiy.info 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად