Baby Bag

„უნდა ვიფიქროთ, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები... ბავშვს ისეთი პანიკური შიში და შეტევა შეიძლება დაემართოს, რომ ძალიან რთული სამართავი გახდეს,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვების ფსიქიკაზე საშინელებათა ჟანრის ანიმაციებისა და ბოროტმოქმედი პერსონაჟების გავლენის შესახებ ისაუბრა:

„ბავშვს ემპათია აღარ აქვს ადამიანისადმი, რომელსაც უჭირს, რომელსაც ურტყამენ, რომელიც დავარდა, იმიტომ, რომ თამაშებიც ასეთი აგრესიულია, სულ ურტყამენ, ესვრიან, სცემენ. ეს გზავნილები, რომელიც მოდის, ჩვეულებრივად იტვირთება ბავშვში. ტვინი ინახავს შიშებს. რაღაც მომენტში ხდება შემოჭრები, ეს შეიძლება მოხდეს ღამე, შეიძლება მოხდეს დღე. ბუნებრივია, მას ექნება დარღვეული ძილი და ისეთი პანიკური შიში და შეტევა შეიძლება დაემართოს, რომ ძალიან რთული სამართავი გახდეს.

რატომ უყვართ ადამიანებს საშინელებათა ფილმები? ამ დროს გამოიყოფა ადრენალინი და ჩვეულებრივი ადრენალინდამოკიდებულება ხდება. ეს ენატრება ადამიანს. ამ ბიზნესის შემქმნელები ამაზე არ ფიქრობენ. მათთვის მნიშვნელოვანია მოგება და ნახულობენ მოგებას.

ბოროტებას ადამიანი სწავლობს ზღაპრით. ზღაპარში კეთილი იმარჯვებს. აქ ორი ბოროტია. ერთი უფრო კარგი ბოროტია და მეორე უფრო ცუდი ბოროტი და ის იმარჯვებს. ბოროტება კარგი და კეთილი არ არსებობს. ხდება ამ ბავშვების გაუცხოება რეალურ სამყაროსთან, ნიჰილიზმის ჩამოყალიბება, გულგრილობა. ყველა მოუნელებელი შინაარსი, ყველა შიში, როგორც ბომბი ისეა, ნელი მოქმედების ნაღმია. ის რაღაც მომენტში აუცილებლად მოხვდება ადამიანს. უნდა ვიფიქროთ, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები. რაც შეიძლება მეტი სპორტი, ხელოვნება, ხატვა, მეტი ჰაერზე ყოფნა, ერთად ყოფნა, ჩახუტება არის საჭირო,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?  - თემაზე ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, ბავშვი არასდროს არ უნდა შევადაროთ სხვას:

,,სწავლასთან დაკავშირებული შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია, აქ გვჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე. ფსიქოლოგები ეძახიან „სენდვიჩის“ მეთოდს, როცა ჯერ ვაქებთ, შემდეგ ვეუბნებით რა არ მოგვწონს და ბოლოს, კიდევ ვაქებთ. არასდროს არ  უნდა შევადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ - „შენ გუშინწინ ამას ვერ აკეთებდი და ახლა ნახე რა კარგად აკეთებ, ყოჩაღ!“, „შეხედე, ეს ნაწერი სჯობს ასე იყოს, მოდი კიდევ სცადე“, ამას სჭირდება მოთმინება და არა გაღიზიანება. „ცუდია“ - არ უნდა ვუთხრათ, რადგან შესაძლოა ყველანაირი სურვილი დაკარგოს, რომ ხელმეორედ გააკეთოს, რადგან ბავშვის დემოტივირება ძალიან მარტივია,'' - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ,,ტელესკოლა''

წაიკითხეთ სრულად