Baby Bag

„შვილებთან აუცილებლად უნდა წამოიწიოს მამის ავტორიტეტი,“ - ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი ბავშვის აღზრდაში მამის როლის შესახებ

ფსიქოლოგმა ნანა გოგიჩაშვილმა ბავშვის აღზრდაში მამის მნიშვნელოვანი როლის შესახებ ისაუბრა:

„ძალიან დაბეჯითებით გეუბნებით, რომ ბავშვი არამარტო ხედავს, არამედ გრძნობს ოჯახში კეთილსაიმედო განწყობებია თუ პირიქით, ემოციურად დამუხტული სიტუაციაა. ამის იდენტიფიცირება შეიძლება როგორც ნახატებით, ასევე საუბრებით. ამის უამრავი ტექნიკა არსებობს. მაგალითად, ეტყვით: „მე და მამა...“ წინადადება მან უნდა დაამთავროს. „ერთხელ მამიკომ...“ მან უნდა დაამთავროს. ზღვა ინფორმაცია მოდის ისეთი, რომელზეც მშობელს წარმოდგენაც კი არ აქვს. შესაბამისად, მამის როლი უკიდურესად მნიშვნელოვანია. მამა არის არამხოლოდ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენელი ოჯახში, არამედ მზრუნველი, მფარველი. მამა აყალიბებს გარკვეულწილად წესებს ოჯახში. ფროიდი ამბობს, რომ მამის ხატს ქმნის დედა. ის კი არა: „მამაშენს ვინ ეკითხება, მე ვარ აქ მთავარი.“ შეიძლება სუბიექტურად ფიქრობდე ამას, მაგრამ შვილებთან აუცილებლად უნდა წამოიწიოს მამის ავტორიტეტი: „მამიკო გავახაროთ,“ „მამიკოს ვუთხრათ,“ „მამიკო მოგვეხმარება,“ „ მამიკოს არ ეწყინოს.“ აქ პოზიტიურ ჭრილში შემოდის მამის ხატი. რა თქმა უნდა, მამაც უნდა გვაძლევდეს ამის საშუალებას. დედაც და მამაც არის უსაზღვრო რესურსი ბავშვის განვითარების და რომელიმეს დეფიციტი არსებით დესტრუქციულ ცვლილებებს იწვევს ფსიქო-ემოციურ განვითარებაში.

„არავინ არ მინდა, მამიკოს ჩავეხუტო,“ - ეს მოსმენილიც მაქვს. ჩახუტება არის დაცულობა, უსაფრთხოება. კარენ ჰორნი პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ ასაკში თუ არ არის დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა, ყალიბდება ცხოვრებისადმი ბაზალური შიშები, რაც თავის მხრივ ნევროტული პიროვნების ფორმირებას უწყობს ხელს. უმამოდ გაზრდილ გოგონებს აქვთ საოცარი მიჯაჭვულობის მოთხოვნილება საწინააღმდეგო სქესთან. მან შეიძლება ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ის, ძალიან დესტრუქციული ოჯახი იყოს, სწორედ ამიტომ არ დაანგრიოს, რომ გვერდით კაცი უდგას და ამით ივსებს იმ დეფიციტს, რომელიც მას ჰქონდა ბავშვობაში,“- მოცემულ საკითხზზე ნანა გოგიჩაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ურთიერთობა არის აუცილებლად ორმხრივი" - ლალი ბადრიძე

,,ურთიერთობა არის აუცილებლად ორმხრივი" - ლალი ბადრიძე

პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ლალი ბადრიძ საუბრობს, რას ნიშნავს, ზოგადად, ადამიანებს შორის ურთიერთობა და ხაზს უსვამს, თუ რაზე უნდა იყოს ის დაფუძნებული,

,,ცოლ-ქმრის ურთიერთობა ჰგავს ნავში მსხდომთა ურთიერთობას - როდესაც ერთი გადავარდება, თუ მხოლოდ ნავში მჯდომი ცდილობს, რომ ამოიყვანოს და ის, რომელიც იხრჩობა, არაფერს აკეთებს, ბოლოს რა მოხდება, იცით? ამ ნავში მჯდომსაც ჩაითრევს და ნავი გადაბრუნდება.

ანუ ურთიერთობა არის აუცილებლად ორმხრივი - ორივე მხარის მზაობა უნდა იყოს იმისათვის, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს. ახალგაზრდა წყვილი ხშირად რა შეცდომებს უშვებს, იცით? ცდილობენ ერთმანეთის გადაკეთებას. თუ ადამიანებს ვიღებთ ისეთს, როგორიც არის - არამარტო წყვილის შემთხვევაში - მე მას ვერ შევცვლი და არც უნდა შევცვალო; ან ვიღებ ისეთს, როგორიც არის ან თუ არ მომწონს, ვამთავრებ ურთიერთობას. ესეც ჩვენი არჩევანია. ურთიერთობა სწავლადიც არის - მიიღე ან დაამთავრე", - აღნიშნავს ლალი ბადრიძე.

წაიკითხეთ სრულად