Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ - ,,ბავშვთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია"

როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ - ,,ბავშვთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია"

​როგორ ვუხსნით ბავშვს გადაწყვეტილებას, რომ მშობლები უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, როგორ ვაწარმოებთ მათთან კომუნიკაციას და როგორ ვცდილობთ, ავუხსნათ ის რთული საკითხი, რასაც განქორწინება ჰქვია - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ელენე ჯაფარიძე საუბრობს.

,,განქორწინება რთული საკითხია და კიდევ უფრო რთულდება, როდესაც გიწევს ამის შესახებ ბავშვთან საუბარი. მაგრამ მაგრამ არსებობს რამდენიმე ფრაზა, რომლითაც უნდა დაიწყო ბავშვთან საუბარი და რაც მას ბევრად შეუმსუბუქებს იმ რეალობას, რომლის წინაშეც ის დგას. ფაქტია, ოჯახი იყოფა და ფაქტია, რომ დედა და მამა ერთად აღარ იცხოვრებენ, მაგრამ ის დასკვნები, რომლებიც ბავშვებს გამოაქვთ, ბევრად უფრო დრამატული და ტრაგიკულია, ვიდრე - რეალობა. 

პირველ ყოვლისა, ჩემი რჩევა იქნება, რომ პარტნიორებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ და შეარჩიონ ისეთი მომენტი ბავშვთან სასაუბროდ, როდესაც ორივე იქნება დამშვიდებული. აუცილებელია, ორივე მშობელი გაესაუბროს ბავშვს და ორივე მათგანმა ერთი და იგივე ინფორმაცია მიაწოდოს მას - ჩვენ გადავწყვიტეთ, დავშორდეთ. სასურველია, ეს მოხდეს ისეთ გარემოში და ისეთ დროს, როდესაც სხვა აქტივობა არ არის დაგეგმილი და იქნება საკმაო დრო გამოყოფილი იმისთვის, რომ საუბარი შედგეს მშვიდად და იყოს დრო, რათა ბავშვმა ეს ყველაფერი აღიქვას. 

ხშირად ხდება, რომ როდესაც წყვილი იწყებს ბავშვთან განქორწინების შესახებ საუბარს, ერთ-ერთი მშობელი ბევრად უფრო ემოციურია - შეიძლება, იტიროს, იჩხუბოს, ინერვიულოს, ასეთ დროს მეორე მშობელს მართებს, იყოს სიტუაციის გადამრჩენი. თუკი ერთი მშობელი ვერ ახერხებს, მეორემ მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. 

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც უნდა გაჟღერდეს ბავშვთან კომუნიკაციის დროს. პირველი ფრაზა არის, უთხრათ ბავშვს, რომ ეს არის ორივეს ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უთხარით ბავშვს, რომ ეს არის უფროსების გადაწყვეტილება და ის არანაირ კავშირში არ არის მასთან. აუხსენით, რას ნიშნავს დაშორება, რადგან ბავშვებს ხშირად არასწორი დასკვნები გამოაქვთ - მათ მიაჩნიათ, რომ რომელიმე მშობელი ტოვებს. თუკი არსებობს ბინა, რომელშიც რომელიმე მშობელი გადადის, სასურველია, ბავშვმა ნახოს ის და ჩაერთოს პროცესში. გაუმახვილეთ ბავშვებს ყურადღება იმაზე, რომ მშობლების დაშორება არ ნიშნავს, რომ მათი ოჯახი აღარ არსებობს. განუმარტეთ, რომ ის რუტინული საქმეები, რომლებსაც მასთან ერთად ასრულებდით, ყველაფერი მის ცხოვრებაში დარჩება და ერთობლივად განახორციელებთ. თუმცა, გაამახვილეთ ყურადღება, თუ რა შეიცვლება - თუკი აქამდე მამას მიჰყავდა სკოლაში და გარკვეული დღეების მანძილზე ეს ასე ვეღარ იქნება, აუხსენით, რადგან გაურკვევლობას ბავშვი საკუთარი ფანტაზიით შეავსებს, ბევრად უფრო დრამატულად. 

მნიშვნელოვანია, იყოთ მზად, რომ სხვადასხვა ბავშვს ამ საკითხზე აქვს განსხვავებული რეაქცია. თქვენ უნდა იყოთ მზად, ბავშვს აუხსნათ, რომ ეს პროცესი არის მტკივნეული, ნუ დახუჭავთ თვალს და ნუ შეამსუბუქებთ ამ პროცესს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბევრი რამ ხდება, მაგრამ შეუქმენით მას იმის მოლოდინი, რომ ამას ყველაფერს ერთად გადალახავთ. ბავშვები არ ზიანდებიან იმიტომ, რომ მშობლები უნდა განქორწინდნენ, ისინი ზიანდებიან იმიტომ, რომ მათთან არ აქვთ სწორი კომუნიკაცია. ბავშვთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია", - განმარტავს ელენე ჯაფარიძე.

წაიკითხეთ სრულად