Baby Bag

რა არის ნაწლავური აშლილობა და როგორ უნდა ამოიცნოს ის მშობელმა? - პედიატრი თემურ მიქელაძე

​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ნაწლავური აშლილობის შესახებ ისაუბრა და მისი გამომწვევი მიზეზები დაასახელა:

„ღია სივრცე დაცვაა რესპირატორული ვირუსული ინფექციებისგან, მაგრამ ეს გარემო შეიძლება იყოს ნაწლავთა ინფექციის წყარო. თუ პირადი ჰიგიენის წესები არ დავიცავით ღია სივრცეში, ეს განსაკუთრებით ეხება ზღვის სანაპიროს, ნაწლავთა ინფექციების განვითარების მაღალი რისკი შეიქმნება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, დიარეა, ითვლება 3 და მეტი დღის განმავლობაში. ნორმის ლიმიტების განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ერთჯერადი დიარეითაც, შესაძლოა, ელექტროლიტების ისეთი დისბალანსი მივიღოთ, რასაც არ მივიღებთ 10-ჯერ მოქმედებით.

ბავშვებში, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს ფუნქციური დიარეა. ისინი უფრო მეტად იღებენ უჯრედისის შემცველ საკვებს ხილისა თუ ფაფის სახით. ეს ფუნქციური დიარეა არ არის პათოლოგია და არ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩარევას. ასაკის მატებასთან ერთად ის თავისით გავა. ჩვენ გვეშინია და ყურადღებას ვაქცევთ ნაწლავთა ინფექციას, ნაწლავთა ინფექციებით განპირობებულ დიარეას, რომელიც შეიძლება ელექტროლიტების დისბალანსის მიზეზი იყოს, შეიძლება განვითარდეს მწვავე მოშლილობები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

 შეგვიძლია გამოვყოთ ნაწლავთა ვირუსული ინფექციები, რომელიც 70-80%-ში გვხვდება. ამ სეზონზე სწორედ ამის გამო მოგვმართავენ. ჩვენს ქვეყანაში 10 წელზე მეტია ტარდება უკვე როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში როტავირუსით განპირობებული ნაწლავთა ინფექციები საკმაოდ შემცირებულია.

ადრეული ასაკის ბავშვებში სხვა რესპირატორულ-ვირუსულ ინფექციებსაც შეიძლება ახლდეს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, მაგალითად კოვიდს. ეს განსაკუთრებით დელტა შტამს ახასიათებდა, ასევე ალფასაც და ომიკრონსაც. წლამდე ასაკში ძირითადი კლინიკური სიმპტომი შეიძლება ყოფილიყო ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. არ უნდა დაგვავიწყდეს ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციებიც. ნაწლავთა ბაქტერიულ ინფექციებს ველოდებით ხოლმე უფრო ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე. არ უნდა აგვერიოს კვებითი ტოქსიკოინფექციები. სტაფილოკოკის ტოქსინმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც დიარეა, ასევე ღებინება.

ცალკე არის ნაწლავთა პარაზიტული ინფექციები. ეს უფრო იშვიათია. შეიძლება იყოს ნაწლავთა სოკოვანი ინფექციები, რომელიც თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევაში შეიძლება იყოს იმუნოკომპრომეტირებულ პირებში,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

ლექსის ზეპირად სწავლასა და მუშა მეხსიერების ვარჯიშზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ბახტაძემ ისაუბრა. 

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. ის, რომ მას სხვა ტიპის მეხსიერება უფრო მეტად აქვს განვითარებული, მაგალითად, ვიზუალური - ეს სხვა თემაა. მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ამაზე საუბარი არ უნდა იყოს.

ე.წ საზეპირო რა მოცულობის უნდა იყოს? - ეს უნდა იყოს შუშანიკის წამებიდან აღებული ჰაგიოგრაფიული, მძიმე ლიტერატურული ენით დაწერილი მთელი გვერდი თუ აკაკი წერეთლის ლირიკული, არაჩვეულებრივი ლექსის მხოლოდ ნაწილი, თუ რომელიმე პოემა?! - ეს უკვე ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტზეა დამოკიდებული, ანუ რა მოცულობის მასალას დაიზეპირებს, ეს მისი ინტელექტის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, ვიმეორებ, მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ეს დისკურსიას არ საჭიროებს,'' - აღნიშნა სოფო ბახტაძემ. 

წყარო: ​,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

წაიკითხეთ სრულად