Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,რაც უფრო დიდია ეკრანი, მით უფრო შორს უნდა დავდგათ კომპიუტერი" - თეა ადამია

,,რაც უფრო დიდია ეკრანი, მით უფრო შორს უნდა დავდგათ კომპიუტერი" -  თეა ადამია

,,როდესაც ბავშვი ზის კომპიუტერთან ან წიგნთან, მიაქციეთ ყურადღება, რომ ორივე ყურის ბიბილო იყოს ერთ დონეზე და მხრებთან გასწორებული", - ამის შესახებ ექიმმა რეაბილიტოლოგმა, თეა ადამიამ გადაცემაში ,,შუადღე" ისაუბრა.

,,ამ მდგომარეობიდან  ნებისმიერი გადახრა არის პრობლემა იმიტომ, რომ ეს არღვევს კუნთების დატვირთვას და ხერხემლის  ბიომექანიკას. სამუშაო მაგიდის სიმაღლე უნდა იყოს მისი მხრის დონეზე. რაც შეეხება სკამს - ბავშვის ფეხების ქვეშ უნდა იყოს რაიმე, ანუ მისი ფეხები არ უნდა იყოს ჰაერში, ეს ძალიან მნიშნელოვანია. უკნიდან საზურგე ისე უნდა იწყებოდეს, რომ სკამზე ბარძაყის 2/3 უნდა მოთავსდეს. სკამის უკან ვდებთ დიდ ბალიშს, რათა პატარასთვის მოცულობა იყოს შევსებული  და თუ ის ფეხით ვერ წვდება იატაკს, სულ ერთია - რა იქნება, თუნდაც - ფეხსაცმლის ძველი ყუთი, უნდა დავუდოთ. 

ბევრ რაიმეს გააჩნია - ასაკს, როგორ იზრდება ბავშვი და ა.შ. სწრაფად მზარდი ბავშვები სწორად ჯდომას უფრო მეტად ვერ უძლებენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს საყრდენი. ეს ჩვენს სკოლებში არ აქვთ - მერხი არის ვიწრო და როდესაც ბავშვი წიგნს გადაშლის, მისი ხელისთვის ადგილი აღარ რჩება. ამიტომ, ბავშვი ხრის წიგნს და მასთან ერთად იხრება ხელიც. ის ყველა წესს არღვევს, რადგან ფიზიკურად არ აქვს მეტი ადგილი. ბუნებრივია, ეს მერხები კომერციულად არის წარმოებული. ალბათ, უნდა იყოს ვალდებულება და მოწმდებოდეს ისინი. ჩვენს სკოლებში ეს სტანდარტი დარღვეულია, რაც ძალიან დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით, თუ სკოლას აქვს ვარიაციის საშუალება.

რაც შეეხება კომპიუტერს - არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვს კომპიუტერის წინ უნდა ჰქონდეს სამუშაო სივრცე. რაც უფრო დიდია ეკრანი, მით უფრო შორს უნდა დავდგათ კომპიუტერი. თუ ბავშვს სჭირდება ბიფოკალური სათვალე, ეკრანი უნდა იყოს გადახრილი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, საიდან ხვდება განათება - შეიძლება, ეკრანზე იყოს ანარეკლი, რაც ბავშვს აიძულებს, შეცვალოს კომპიუტერის მდებარეობა. იდეალურად მიიჩნევა, თუ ჩემი თვალის ხაზი არის ეკრანის ზედა ნაწილიდან, დაახლოებით, 6-8 სმ-ით დაბლა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კლავიატურა და მაუსი უნდა იყოს ერთმანეთთან ახლოს", - გვირჩევს თეა ადამია.

წყარო: ​,,შუადღე"

წაიკითხეთ სრულად