Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სახლში რომ მოხვალ, ხელში აიყვანე ცოლი, მოეფერე, კაცი არ ხარ?! ბავშვი გაოცებული უნდა იყოს, როგორ უყვარს დედა მამას,“ - შალვა ამონაშვილი

„სახლში რომ მოხვალ, ხელში აიყვანე ცოლი, მოეფერე, კაცი არ ხარ?! ბავშვი გაოცებული უნდა იყოს, როგორ უყვარს დედა მამას,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მამებს შვილებთან და მეუღლეებთან ურთიერთობის შესახებ საინტერესო რჩევები მისცა:

„მამებო, თუ პატარა ბავშვები გყავთ, სამუშაოდან ცოტა ადრე დაბრუნდით, სირბილით მოდით სახლში. მამა რომ სახლში შემოვა, ოჯახის ცხოვრება უნდა შეიცვალოს. რაღაც მოხდა, ძალა მოვიდა სხვანაირი. მამამ რომანტიკა მოიტანა, ხალისი მოიტანა, დედამ რომ აუკრძალა, მამამ დართო ნება. ესეც აღზრდაა. ხანდახან დედამ უნდა თქვას: „არა!“ მამამ უნდა თქვას: „მოდი რა, ეს ერთი იყოს ასე.“ მამა რომ მოვა, ხმაური უნდა იყოს ოჯახში. მამა რომ მოვა, თამაში უნდა გაიმართოს ოჯახში.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ​მამა, პირველ რიგში, ბავშვის მეგობარი უნდა იყოს:

„12 წლის ბიჭი თუ გყავს, მამიკო, ეს ხომ მთელი სიტკბოა ცხოვრებისა. ის კი არ უნდა უთხრას მამამ შვილს: „აბა გაკვეთილები ჩამაბარე!“ რას ჰქვია, გაკვეთილები ჩამაბარე?! სკოლაში არ ჰყოფნის გაკვეთილების ჩაბარება და კონტროლი, რომ სახლშიც მამა მასწავლებელი არ გაუხდეს?! მამა მამა იყოს. დაურეკე შვილს, რომელიც 9 წლისაა უკვე: „შვილო, მოვალ და დააწყვე ჭადრაკი, თუ არ მეთამაშე, გადავირევი.“ ასეთი მამა იცით რა ნატვრაა?!“

„მამა ძალიან დიდი ძალაა აღზრდაში. რომ მოხვალ სახლში, ცოლს მოეფერე, ცოლს აკოცე, დაგინახოს ბავშვმა. ხელში აიყვანე ცოლი, კაცი არ ხარ, კაცო?! ბავშვი გაოცებული უნდა იყოს, როგორ უყვარს დედა მამას, როგორ ეალერსება. რა მოხდა, რომ გზაზე გამოიარო და ერთი ვარდი მოუტანო კვირაში ერთხელ მაინც შენს ცოლს?! სახლიდან გასვლის წინ შვილს უთხრას: „ჩემო ბიჭო, მე დღეს არ ვიქნები და დედას გაბარებ, მოუარე. მერე დაგირეკავ კიდევ და გავიგებ, რამე ხომ არ უჭირს მას.“ შვილს ჩავაბარებ დედას. აი, ეს არის მამა!“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად