Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღმერთი არასდროს არ მოგაკლებს სარჩო-საბადებელს არც შენ, არც შენს შვილს და ოჯახს, თუ მას მიენდობი,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

„ღმერთი არასდროს არ მოგაკლებს სარჩო-საბადებელს არც შენ, არც შენს შვილს და ოჯახს, თუ მას მიენდობი,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ოჯახური თანაცხოვრების მნიშვნელობასა და ამ მხრივ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა:

„ოცდამეათე წელი დაიწყო ჩვენი თანაცხოვრობის. სერიოზული სტაჟია ეს ოჯახური ურთიერთობის. ხუთი შვილი გვაჩუქა ღმერთმა. შვილიშვილიც გვყავს. ყოველ წელს სიხარულით ველოდებით. არეულობის პერიოდში შევქმენით ოჯახი. რთული იყო ამაზე ფიქრიც კი. ჩვენ სხვა გაბედულება და სითამამე გვქონდა. ​ღმერთის და ჩვენი სიყვარულის იმედად შევქმენით ოჯახი. მართლა არაფერი არ გამაჩნდა. რა თქმა უნდა, ბევრი ტკივილი და გაჭირვება გამოვიარეთ.“

დეკანოზის თქმით, ადამიანებს შვილის გაჩენის ხშირად ეშინიათ, რადგან არ იციან, როგორ არჩინონ ის:

„ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ შვილიერების შიში აქვთ, შვილის გაჩენის შიში აქვთ, რომ რა ვქნა, როგორ შევინახო. უფალს მიენდეთ, ჩემო ძვირფასებო. მე საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით. ყოველი შემდეგი შვილის დაბადებით ჩვენი მატერიალური მდგომარეობა უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. თავისი ხურჯინით, თავისი მზითევით მოდიან ბავშვები. ეს ნამდვილად ასეა.“

„არასდროს თავზე არ გადაგვდიოდა და არც ახლა გადაგვდის, მდიდრები არასდროს ვყოფილვართ, არც მდომებია არასდროს. სულიერად ყოველთვის მდიდარი ვიყავი და უმდიდრესი ადამიანი ვარ, მილიარდელზე მილიარდელი ვარ ყოველთვის. ღმერთი არასდროს არ მოგაკლებს სარჩო-საბადებელს არც შენ, შენს შვილს და ოჯახს, თუ მას მიენდობი. ფსალმუნში წერია ასეთი საოცარი სიტყვები: „მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა.“ ერთადერთი რაც მოგეთხოვება, არის, რომ მართალი იყო ღვთის წინაშე. დანარჩენზე ყველაფერზე ღმერთი ზრუნავს,“- აღნიშნულ საკითხზე დეკანოზმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად