Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დასჯა არის ძალიან კარგი ქცევითი ქმედება, მაგრამ ეს არ ნიშნავს არც ჩხუბს, არც ყურის აწევას, არც მოწიწკვნას,“ - ნეიროფსიქოლო თამარ გაგოშიძე

„დასჯა არის ძალიან კარგი ქცევითი ქმედება, მაგრამ ეს არ ნიშნავს არც ჩხუბს, არც ყურის აწევას, არც მოწიწკვნას,“ - ნეიროფსიქოლო თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებში ბრაზის მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვზე ძალადობით მის ფსიქიკას ვამახინჯებთ:

​ჩვენ ვამახინჯებთ ბავშვის ფსიქიკას, არამხოლოდ როდესაც ვუტყამთ ბავშვს, არამედ როდესაც ვლანძღავთ და ვამცირებთ. საქართველოში დემოკრატიულობანას თამაშის გამო სიტყვა „დასჯის“ ეშინიათ, მათ შორის მასწავლებლებსაც. დასჯა არის ძალიან კარგი ქცევითი ქმედება, მაგრამ ეს არ ნიშნავს არც ჩხუბს, არც ყურის აწევას, არც მოწიწკვნას, არც ბავშვის ჭანჭყარს. განსაკუთრებით პატარა ბავშვების ჭანჭყარი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შეიძლება უბრალოდ ფიზიკური ტრავმა მიაყენო ბავშვს.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ძალადობრივ მიდგომას ბავშვთან შედეგი არ აქვს:

„ყველა ეს ქმედება: ჭანჭყარი, ჩქმეტა, ყურის აწევა, ამახინჯებს ბავშვს, ​შედეგზე ვერ გაყავხარ. ბავშვი იღებს შენს მოდელს, მშობელს ყოველთვის ვეუბნები: ახლა შენ ერევი და ძალადობ, მერე ის მოგერევა და არ დაიწუწუნო. ეს ხდება ყოველთვის, 100%-ით ასეა.“

„ჩვენ ძალიან უნდა დავფიქრდეთ, როდესაც ვერ ვმართავთ ჩვენს სიბრაზეს და ემოციებს. ეს არავის არ მოსწონს საბოლოო ჯამში. რომ იცოდეთ, მოძალადე ყველაზე უბედური ადამიანია თვითონ. რამდენჯერ უთქვამთ მშობლებს, რომ მერე საშინელი სინანულის განცდა აქვთ. თავმოყვარეობა არ გაძლევს საშუალებას, რომ შენს შვილს ბოდიში მოუხადო. უნდა მოუხადო!“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: სხვა შუადღე

წაიკითხეთ სრულად