Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რატომღაც ყიფლიბანდი მშობლებისთვის საშიში უბანია, რეალურად ეს არ არის იმდენად საშიში,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

„რატომღაც ყიფლიბანდი მშობლებისთვის საშიში უბანია, რეალურად ეს არ არის იმდენად საშიში,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ჩვილის მოვლასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქმით, ყიფლიბანდი არც ისე საშიში უბანია, როგორც ეს მშობლებს ჰგონიათ:

„რატომღაც ყიფლიბანდი მშობლებისთვის საშიში უბანია, რეალურად ეს არ არის იმდენად საშიში. დაბანილი ბავშვის გამშრალებისას, თუ არ მოხდება ძალიან უხეში ტრავმატიზება ამ უბნის, ყიფლიბანდის დაზიანებას ასე მარტივად ვერანაირად ვერ შეძლებთ. ახალშობილს თავი ძალიან მშვიდად შეგიძლიათ გაუმშრალოთ.“

ანა მაღრაძემ მშობლებს ჩვილის დაბანის შემდეგ ბავშვის სწორად გამშრალების წესებიც გააცნო:

​ბავშვის დაბანის შემდეგ პირსახოცი დაბლა დააფინეთ და ბავშვი კარგად შეფუთეთ. პირსახოცი უნდა იყოს თბილი და არ უნდა იყოს გარედან შემოტანილი. პირველ რიგში, ვიწყებთ თავის გამშრალებას. აუცილებელია, რომ ბანაობისას ნაოჭების კარგად დაბანა და შემდგომ გამშრალება. ბანაობის შემდეგ დღეში ერთხელ ვატენიანებთ ბავშვის კანს.“

„რაც შეეხება პამპერსის შიგნით გამოსაყენებელ საშუალებებს, ეს ყოველდღიურად აუცილებელი არ არის, განსაკუთრებით თუთიის შემცველი მალამოები. თვალების დამუშავება, თუ თვალის მხრივ ბავშვს გამონადენი არ აქვს, საჭირო არ არის. გამონადენის პერიოდში, თუ წამწამებზე არის ნადები და ის არის უხეში, ფიზიოლოგიური ხსნარით ან გადადუღებული წყლით უნდა დავასველოთ თვალი, ავიღოთ სტერილური მარლა და გავასუფთავოთ თვალი გარედან შიგნით,“ - აღნიშნულ საკითხზე ​ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად