Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ნუ დაელოდებით, როდის გაიზრდება ბავშვი... დისციპლინაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ

ნუ დაელოდებით, როდის გაიზრდება ბავშვი... დისციპლინაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ

დისციპლინის უამრავი განსხვავებული მეთოდი არსებობს, რომლებსაც მშობლები აქტიურად იყენებენ. დისციპლინის ტიპი, რომელსაც მშობელი ირჩევს, იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რა უფრო მუშაობს მათი შვილების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ საზღვრების დაწესება და დისციპლინის ძლიერი სტრატეგიების შემუშავება ადრეული ასაკიდანვე უნდა მოხდეს. მშობლები მცირეწლოვან ბავშვებზე ფიქრობენ, რომ ისინი დისციპლინისთვის მეტისმეტად პატარები არიან და მათ გაზრდას ელოდებიან, რაც, შესაძლოა, შეცდომა იყოს.

ბავშვის პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება მას თვითდისციპლინას აჩვევს, რაც მას სწავლაში ძალიან ეხმარება. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამაზე ზრუნვას, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვისგან მეტი წინააღმდეგობა შეგვხვდება და ქცევის შეცვლაც მეტად გაგვიჭირდება. როდესაც ბავშვი დისციპლინით იზრდება, ეს მისი ცხოვრების წესი ხდება და რადიკალური ცვლილებების განხორციელება საჭირო აღარ არის.

ხშირად, როდესაც დისციპლინაზე ვფიქრობთ, ოჯახში არსებულ წესებს განვიხილავთ, თუმცა მასში ბევრად მეტი რამ უნდა მოვიაზროთ. დისციპლინას, რომელსაც ბავშვებს ვუნერგავთ, ისინი მთელი ცხოვრება თან დაატარებენ და საზოგადოებაში ყოფნისას იყენებენ. დისციპლინა გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე სათამაშო მოედანსა და სკოლაში. თუ ბავშვს დისციპლინას ადრეული ასაკიდანვე არ მივაჩვევთ, სკოლაში წასვლისას მათ არ ექნებათ ქცევის წესები შემუშავებული, რის გამოც ქცევა პრობლემური გახდება. ისინი ისეთ გარემოში აღმოჩნდებიან, სადაც განსაზღვრული წესები მოქმედებს. ბავშვს არ ექნება გამოცდილება, როგორ მოერგოს ამ წესებს.

ვინც თვლის, რომ ადრეულ ასაკში დისციპლინა ბავშვისთვის ზედმეტი ტვირთია, ხშირად დისციპლინას და დასჯას ერთმანეთთან აიგივებს. დისციპლინა საზღვრების დაწესებაა, რაც 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის გასაგებია. საზღვრების დადგენა ბავშვს კარგისა და ცუდის გარჩევას ასწავლის, რაც მას ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩაუნერგოთ.

წყარო: ​Moms.com

წაიკითხეთ სრულად