Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ვიღაც გიყვარს და იბრძვი შენი სიყვარულისთვის, ეს ძალიან დასაფასებელია,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„თუ ვიღაც გიყვარს და იბრძვი შენი სიყვარულისთვის, ეს ძალიან დასაფასებელია,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ წყვილებს შორის კრიზისის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წყვილს შორის საუბარს და კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:

„ურთიერთობაში განიავება ხდება ლაპარაკით, საუბრით, ფსიქოთერაპევტთან ურთიერთობით. სუნთქვასავით არის საუბარი. რასაც ვერ ლაპარაკობ, დაპრესავ და მიწას მიაყრი, ის აუცილებლად გამოვლინდება, თუნდაც დაავადების სახით. ადამიანს ძალიან ანევროზებს დაუმთავრებელი ისტორია. ის განმეორებითობით ხასიათდება მერე და სულ ამ წრეზე დადიხარ. რაღაც აუცილებლად უნდა დასრულდეს და გაწიო იქით. წერტილის დასმა უნდა ვისწავლოთ. მრავალწერტილში ცხოვრება არის ძალიან ძნელი.

თერაპია მტკივნეული პროცესია. შეიძლება ძალიან ბევრ ტკივილთან მიხვიდე. როგორც ქირურგიაა, რომ გაჭრი, ამოიღებ და მერე აღარ გტკივა, ასევეა თერაპიაც. სჯობს, რომ მონელებული იქნას ყველაფერი. ის, რაც მე აქ დავბლოკე, არ შევიმჩნიე, არ ვიტირე, იქ მოვა ფეხების შეშუპების სახით. ის ცრემლები არსად არ დაიკარგება. თუ ურთიერთობას აზრი არ აქვს და წერტილი აქვს დასმული, თავიდან დაწყება რთულია. ურთიერთობები ძალიან ინდივიდუალურია. ვინც ცდილობს, ის იღებს თავისას. ეს არ უნდა იყოს დამანგრეველი გზებით, რომელიც საკუთარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, თორემ ყველაფერი ადამიანური გასაგებია.

თუ ვიღაც გიყვარს და ცდილობ, იბრძვი შენი სიყვარულისთვის, ეს ძალიან დასაფასებელია და მნიშვნელოვანია. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ყველას ცხოვრება ცალკე წიგნია და ცალკე ისტორიაა,ყველას ერთი სათაურის ქვეშ ვერ მოვაქცევთ,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო:​ „ამ შაბათ-კვირას“

წაიკითხეთ სრულად