Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მიდგომა, რომ ორი შვილი მყავს გაზრდილი და მე უკვე ყველაფერი ვიცი, არ არის ჯანმრთელი დამოკიდებულება,“- ფსიქოლოგი ნინო ამონაშვილი

„მიდგომა, რომ ორი შვილი მყავს გაზრდილი და მე უკვე ყველაფერი ვიცი, არ არის ჯანმრთელი დამოკიდებულება,“- ფსიქოლოგი ნინო ამონაშვილი

ფსიქოლოგმა ნინო ამონაშვილმა მშობლების მიერ რჩევების მიღების სირთულეზე ისაუბრა:

„ერთნაირი და იდენტური ურთიერთობა ვერანაირად ვერ გვექნება. რამდენი შვილიც გვყავს, იმდენნაირი ურთიერთობა გვაქვს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შეუძლებელია მშობელი იდენტური იყოს ყველასთან. ზოგჯერ მშობელი ამბობს, რომ ორი შვილი მყავს გაზრდილი და მე უკვე ვიცი ყველაფერი. ბევრი ამბობს, რომელიც მშობელი თავად არ არის, რომ მე ასე გავიზარდე და ვიცი როგორ გავზარდო ჩემი შვილები. პირველი პრობლემა ის არის, რომ თაობა რომელიც მოდის, ძალიან განსხვავდება წინა თაობებისგან. ის მეთოდები, რომელიც შეიძლება გამართლებული ყოფილიყო ჩემს ბავშვობაში, დღევანდელ თაობასთან აბსოლუტურად არ მუშაობს, შესაბამისად მათთან მიდგომაც უნდა შეიცვალოს.

მიდგომა, რომ ორი შვილი მყავს გაზრდილი და მე უკვე ყველაფერი ვიცი, არ არის ჯანმრთელი დამოკიდებულება. ეს იგივეა ვთქვათ, რომ მე ორი წელია საჭმელს ვამზადებ და ყველაფრის გაკეთება ვიცი. იაპონიაში რომ წავიდე, მე არ ვიცი იაპონური საჭმელი, ესპანეთში რომ წავიდე, იქაური არ ვიცი, გურიაში რომ ჩავიდე, შეიძლება იქაური არ ვიცოდე. რაღაცის ცოდნის ამოწურვა არის მწირი ხედვა. ამოუწურავია ცოდნა. ჩვენ შეგვიძლია გავიზარდოთ, ვისწავლოთ სიკვდილამდე.

ადამიანებს გვჩვევია, რომ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ვიცით ისეთი რაღაცები, რაც არ ვიცით. საკუთარ თავზე ვინც მუშაობს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არაფერი არ იცის,“- მოცემულ საკითხზე ნინო ამონაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად