Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან კარგია, თუ მოზარდს უყვარს კიტრი და საზამთრო,“- მარი მალაზონია წვნიანი ხილისა და ბოსტნეულის სარგებლიანობის შესახებ

„ძალიან კარგია, თუ მოზარდს უყვარს კიტრი და საზამთრო,“- მარი მალაზონია წვნიანი ხილისა და ბოსტნეულის სარგებლიანობის შესახებ

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მოზარდი ორგანიზმისთვის წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღების უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მინდა, დავაზუსტო, რატომ არის რეკომენდაციებში საგანგებოდ გამოყოფილი წვნიანი პროდუქტები, წვნიანი კერძები და წვნიანი ხილ-ბოსტნეული. კვლევებით დადგინდა, რომ მოზარდთა დიდ ნაწილს არ უყვარს სითხის ბალანსის კონტროლი. თუ მოზარდს უკვე აქვს გამომუშავებული ჩვევა, რომ მიიღოს ადეკვატური რაოდენობით წყალი, მაშინ ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ასეთი ჩვევა უმრავლესობას არ აქვს, რის გამოც მოზარდებში წყლის მოხმარება ძალიან დიდი პრობლემაა. სულ ახალი კვლევების მიხედვით, ეს დასკვნა არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, გაჩნდა რეკომენდაცია. თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ წყლის 20-30% შესაძლოა საკვებით შეივსოს, ეს შეიძლება გავაკეთოთ შემოვლითი გზით, თხევადი და ნახევრად თხევადი კერძებით, წვნიანი ხილითა და ბოსტნეულით. მნიშვნელოვანია, რომ წყლის მოხმარება ნაწილობრივ მაინც ხდებოდეს პროდუქტებით.

კიტრი უყვარს მოზარდს? ძალიან კარგი! მიიღოს კიტრი. საზამთრო უყვარს? ძალიან კარგი! ასეთ შემთხვევაში ჩვენ ქვეტექსტი გვაქვს ორგვარი. ერთი არის ის, რომ ხილით და ბოსტნეულით მოზარდი აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს მიიღებს. მეორე არის წყლის შევსება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღალი ფიზიკური აქტივობის მქონე, ინტენსიურად მზარდი მოზარდი ორგანიზმის შემთხვევაში,“- აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად