Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პოტენციურმა რისკმა თქვენი ცხოვრება პრინციპულად არ უნდა შეცვალოს,” - ევგენი კომაროვსკი

„მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პოტენციურმა რისკმა თქვენი ცხოვრება პრინციპულად არ უნდა შეცვალოს,” - ევგენი კომაროვსკი

ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში ვირუსული ინფექციებით ბავშვის დაინფიცირების შიშით შეპყრობილ მშობლებს გამოეხმაურა და ურჩია პანიკას ზედმეტად არ აყვნენ:

„ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პათოგენთა დიდი ნაწილი ადამიანის ორგანიზმისთვის არანაირ რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ დედამ მათზე რეაგირების წესები იცის: თუ დედამ იცის, რომ ბავშვს ნორმალურად უნდა ეცვას, რომ ოთახში საკმარისი ტენიანობა და სიგრილე უნდა იყოს, რომ საჭიროა ბევრი სითხის მიღება და ბავშვისთვის არანაირი განსაკუთრებული წამლის მიცემა საჭირო არ არის, ასევე თუ დედამ იცის, როგორ დაეხმაროს ბავშვის ორგანიზმს ტემპერატურის მატებისას, როგორ გამოურეცხოს ბავშვს ცხვირი მარილიანი ხსნარებით.

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პოტენციურმა რისკმა თქვენი ცხოვრება პრინციპულად არ უნდა შეცვალოს, უფრო მეტიც გავლენა არ უნდა მოახდინოს ნათესავებთან თქვენს ურთიერთობაზე. დაახლოებით წარმომიდგენია კონფლიქტისა და უკმაყოფილების დონე, როდესაც ქალაქში შვილთან და შვილიშვილთან ჩასულ ბებიას რძალი ეუბნება: „ნუ მოხვალ ჩვენთან სახლში, შეიძლება დავინფიცირდეთ!“ მეჩვენება, რომ ამგვარი განცხადების გამო კონფლიქტებისა და წყენის რისკი ვირუსით გამოწვეულ გართულებებზე ბევრად მაღალია.

კატეგორიულად გირჩევთ, რომ ვითარება არ დაძაბოთ. ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის წესები შეისწავლეთ, გაეცანით ვირუსის დროს ბავშვის დახმარების წესებს. ბავშვს ასწავლეთ,როგორ დაარწმუნოს სტუმრად მოსული ბებია, რომ გამუდმებით ბინაში არ უნდა იჯდეს, შვილიშვილთან ერთად ისეირნოს და ქალაქი დაათვალიეროს,“ - წერს ევგენი კომაროვსკი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად