Baby Bag

„თუ მდედრობითი სქესის ხარ, 25 წლის ზევით უკვე უნდა დაიწყო საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ონკოლოგიური კუთხით,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ონკოლოგიური რისკების თავიდან ასაცილებლად, ადამიანებს ურჩია ასაკის შესაბამისად გარკვეული კვლევები ჩაიტარონ:

„მინდა, კარგად დაიმახსოვრო, როდესაც ასაკით გახდები 25 წელს ზევით, თუ მდედრობითი სქესის ხარ, უკვე უნდა დაიწყო საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ონკოლოგიური კუთხით. რაც უფრო მალე შეისწავლი პრობლემას, მანამ, სანამ კლინიკური ნიშნები გამოვლინდება, მით მეტი გაქვს გამარჯვების შანსი. 25 წლიდან შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაც. თუ ქალი უახლოვდება 40 წელს, 40 წლიდან უკვე სარძევე ჯირკვლის შესწავლა უნდა დაიწყოს. საქართველოში უამრავი უფასო პროგრამაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, რომ დროულად იპოვონ პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვებ. თუ შენი ასაკი 50 წელს ზევითაა, საჭიროა, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა.

თუ მამრობით სქესის ხარ, ან მამა გყავს, რომელიც 50 წელს გადაცდა, საჭიროა, წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევა. ასაკები ყურადღებით დაიმახსოვრე. როგორც კი ამ ასაკებს მიაღწევ, წელიწადში ერთხელ, ორ წელიწადში ერთხელ შენი პასუხისმგებლობაა ოჯახის წევრების მიმართ, რომ ეს გამოკვლევა, რომელიც უფასოა და სახელმწიფო მას გიფინანსებს, გაიკეთო და საკუთარ თავს პატივი სცე.

არავინ არ ფიქრობს, რომ მას ექნება ონკოლოგიური დაავადება. ყველა ფიქრობს, რომ ის ჯანმრთელია. ონკოლოგია მაშინ ვლინდება, როდესაც თითქმის ბოლოშია მდგომარეობა გასული,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად