Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ყველაზე ხშირად ეს დაავადება ბავშვთა ასაკში ვლინდება, თუმცა, შესაძლებელია ცხოვრების მეორე დეკადაშიც შეგვხვდეს''

,,ყველაზე ხშირად ეს დაავადება ბავშვთა ასაკში ვლინდება, თუმცა, შესაძლებელია ცხოვრების მეორე დეკადაშიც შეგვხვდეს''

ატოპიური დერმატიტის თემაზე MomsEdu.ge-ს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ესაუბრა. 

რა არის ატოპიური დერმატიტი და როგორ ვლინდება ბავშვებში?

- ატოპიური დერმატიტი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა დერმატოლოგიაში. ითვლება, რომ ატოპიური დერმატიტი არის კანის ბარიერული დეფექტი, კანქვეშა ქსოვილები კარგავენ სითხეს, შრებიან და ამის შედეგად ხდება კანის დაზიანება, მიმდინარეობს ანთებითი პროცესი. ამას ემატება კანის ჰიპერმგრძნობელობა გარე გამღიზიანებელ ფაქტორებზე ბარიერული დეფექტის გამო, შესაბამისად, ატოპიური დერმატიტის დროს ნებისმიერი ფაქტორი, როგორიცაა, ტემპერატურის ცვალებადობა, სხვადასხვა საშუალებასთან კონტაქტი ამწვავებს დაავადებას. ზოგადი მონახაზი რომ გავაკეთოთ, ატოპიური დერმატიტი დაკავშირებულია კანის სიმშრალესთან და მის ბარიერულ დეფექტთან.

ყველაზე ხშირად ეს დაავადება ბავშვთა ასაკში ვლინდება, თუმცა, შესაძლებელია ცხოვრების მეორე დეკადაშიც შეგვხვდეს.

- რა ასაკიდან შეიძლება გამოვლინდეს?

- ატოპიურ დერმატიტს არ აქვს ასაკობრივი ზღვარი. შეიძლება გამოვლინდეს 0 წლიდან, შეიძლება გაგრძელდეს გარდატეხის ასაკამდე. თუ სტატისტიკურად გვაინტერესებს, ბავშვთა ასაკში დაწყებული ატოპიური დერმატიტი, დაახლოებით, პაციენტების 60-70 %-ის შემთხვევაში რემისიაში გადადის. პაციენტთა 80%-ში კი პუბერტულ ასაკამდე მიმდინარეობს. მხოლოდ 20 % -შია იმის შანსი, რომ გარდატეხის ასაკის შემდეგაც გაგრძელდება.

- რა ფაქტორებმა შეიძლება შეუწყოს ხელი ატოპიური დერმატიტის გამწვავებას?

  • გარე ფაქტორები (ტემპერატურის ცვლილება და სხვა);
  • გარკვეული სახის მედიკამენტი (ანტიბიოტიკები);
  • სხვადასხვა ტიპის კოსმეტიკური საშუალება (პარფიუმის შემცველი).

- რა კრემები უნდა გამოვიყენოთ ბავშვებისთვის და როგორი შემადგენლობა უნდა ჰქონდეს?

მნიშვნელოვანია დამატენიანებელი კრემების და დასაბანი საშუალებების სწორი გამოყენება. პროდუქტები არ უნდა შეიცავდეს პარფიუმს, მჟავებს, ვინაიდან ეს ყველაფერი აპროვოცირებს დერმატიტს. მინერალური ზეთები, ვაზელინი, გლიცერინი, ცერამიდების შემცველი მოვლის საშუალებები - ეს არის ის ყველაფერი, რაც ატოპიური დერმატიტის მკურნალობის პროცესში უნდა გამოვიყენოთ.

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ შემადგენლობას და არა ფასს, რადგან ბიუჯეტური პროდუქტიც შესაძლებელია ძალიან ეფექტური იყოს.

- შესაძლებელია თუ არა ბავშვის კრემი მოზრდილმაც გამოიყენოს?

- რა თქმა უნდა. ასეთი ტიპის პროდუქტებს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. თუ მოზრდილ ადამიანს აწუხებს ატოპიური დერმატიტი, სრულიად დასაშვებია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი მსუყე დამატენიანებელი გამოიყენოს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად