დაწვრილებით მოგითხრობთ თითოეული დაავადების შესახებ.
წითელასა და წითურას მოწითალო ფერის მაკულურ-პაპულური (ლაქოვან-კვანძოვანი) გამონაყარი ახასიათებს, თუმცა თითოეულ ინფექციას თავისი დამახასიათებელი თავისებურებებიც აქვს. წითელას დროს უმეტესად კანიდან ოდნავ ამოწეული კვანძები გვხდება, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის ტენდენციას ავლენს. წითურას გამონაყარი უფრო ლაქოვანია. წითელას დროს გამონაყარი დაავადების მე-4-მე-5 დღეს ვლინდება. პირველი ელემენტები ყურებს უკან, ცხვირზე, ლოყებზე ჩნდება, 24 საათში ვრცელდება მთელ სახეზე, კისერზე, გულმკერდის ზემო ნაწილზე, ხელებზე. შემდეგ გამონაყარი ჩნდება ზურგზე, მუცელსა და ფეხებზე, მესამე დღეს კი - ტერფებზეც. გამონაყარი იმავე თანმიმდევრობით ფერმკრთალდება და ქრება, რომლითაც გაჩნდა.
წითურას დროს პირველი სიმპტომი, რომელსაც დედა ამჩნევს, ხშირად სწორედ გამონაყარია. ის ამ შემთხვევაშიც ზემოდან ქვემოთ ვრცელდება, მხოლოდ - წითელაზე გაცილებით სწრაფად. წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, კონიუნქტივიტით (თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით), მშრალი შემაწუხებელი ხველით, ცხვირცემინებით, სურდოთი, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით. კანზე გამონაყარის გაჩენამდე ერთი-ორი დღით ადრე რბილსა და მაგარ სასაზე უსწორმასწორო წითელი ლაქები შეიმჩნევა. ეს წითელას სადიაგნოზო ნიშანიც კი გახლავთ. გარდა ამისა, ძირითადი კბილების დონეზე ღრძილებისა და ლოყის შიგნითა ზედაპირის ლორწოვანზე მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმონაქმნები ჩნდება, ქუთუთოს კიდის გასწვრივ კი შემოფარგლული კონიუქტივიტი ყალიბდება.
წითურას დროს ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, რომელიც ცხელებით, თავის ტკივილით, უხასიათობით, უმადობით გამოიხატება, იშვიათია. კეფის, კისრის უკანა და სხვა ლიმფური კვანძები დიდდება და ორი კვირის განმავლობაში გადიდებული რჩება.
ქუნთრუშისთვის დამახასიათებელი ძირითადი კლინიკური ნიშნებია: დაავადების დაწყება ყელის ტკივილით, რასაც ერთვის ცხელება და კანზე გამონაყარი. ობიექტურად აღინიშნება პირ-ხახის ლორწოვანის მკვეთრი ჰიპერემია, ე.წ. „ალისფერი ხახა“, რომელსაც თან ახლავს ყელის ძლიერი ტკივილი, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ჩირქოვანი ტონზილიტი, ენა დაფარულია თეთრი ფერის ნადებით, ენის წვერი კი ჰიპერემიულია, დინამიკაში თეთრი ფერის ნადები სცილდება, დვრილები შიშვლდება და ენა ხდება „ჟოლოსებრი“, რაც ასევე პათოგნომურია ამ დაავადებისთვის. გადიდებულია ყბისქვეშა და კისრისწინა ლიმფური კვანძები, პალპაციით კი მტკივნეული. რაც შეეხება გამონაყარის თავისებურებას, ვითარდება წვრილწინწკლოვანი გამონაყარი ჰიმერემიულ კანზე, მთელი სხეულის უმეტესად კი ბუნებრივი ნაკეცების არეში, იწვევს თეთრ დერმოგრაფიზმს, სახეზე ჰიპერემიულ ფონზე შესამჩნევია ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის სიფერმკრთალე. გამონაყარის ალაგების შემდეგ ხდება კანის აქერცვლა, მეტი ინტენსივობით მტევნებისა და ტერფების არეში.
ყბაყურას შემთხვევაში დაავადება იწყება შემცივნებით, თავის ტკივილით, უმადობით, ზოგადი სისუსტით და მსუბუქი ან საშუალო ცხელებით. 12-24 საათის შემდეგ ემატება სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება, რომელიც ყველაზე მეტადაა გამოხატული მეორე დღეს და გრძელდება 5-7 დღე. ზოგიერთ ბავშვს აქვს მხოლოდ სანერწყვე ჯირკვლის შესიება სხვა სიმპტომების გარეშე. შესიება იწვევს ტკივილს ღეჭვისა და ყლაპვის დროს, ძირითადად, მჟავე სითხეების მიღებისას, როგორიცაა ციტრუსების წვენები. ჯირკვალი მგრძნობიარეა შეხებისას. ამ სტადიაზე ტემპერატურა იმატებს (დაახლოებით 39,4-40°C) და გრძელდება 1-3 დღე.
- რა ასაკობრივ კატეგორიაში და რა შემთხვევაში მიმდინარეობს ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები მძიმედ?
- ინფექცია შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ახალშობილებში და წლამდე ასაკის ბავშვებში, შემთხვევათა 30%-ში, ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორებიცაა: ოტიტი, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი, მიოკარდიტი, თუმცა ამავდროულად ყბაყურას გართულება კიდევ შეიძლება ორქიტი, მწვავე პანკრეატიტი, პროსტატიტი იყოს. ხოლო ქუნთრუშას გადატანიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, იშვიათად, თუმცა შეიძლება განვითარდეს მოგვიანებითი გართულებები - ნეფრიტის სახით.
გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია არ სცადოთ თვითმკურნალობა, დაავადებების პირველი სიმპტომების გამოვლინებისთანავე მიმართოთ თქვენს პედიატრს, რომელიც ზუსტად შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას, შეგირჩევთ მკურნალობის სწორ გეგმას, ამით მნიშვნელოვნად შემცირდება გართულებების განვითარების რისკი.
რაც შეეხება მკურნალობას,
- რომელ მათგანზე არ ტარდება აცრა? და ზოგადად, აცრებზე რომ ვისაუბროთ.
- წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგოდ არის აცრა, და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი ითვალისიწინებს წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ორჯერად აცრებს 1 და 5 წლის ასაკში. ეს აცრები უფასოა და ხელმისაწვდომია ყველასათვის. რაც შეეხება ქუნთრუშას, სამწუხაროდ, ვაქცინა ამ დაავადებისგან დასაცავად არ არსებობს.