Baby Bag

5 ​ყველაზე გავრცელებული ჩივილი, რომლის დროსაც ენდოკრინოლოგს უნდა მივმართოთ

5 ​ყველაზე გავრცელებული ჩივილი, რომლის დროსაც ენდოკრინოლოგს უნდა მივმართოთ

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ჩივილები, რომლის დროსაც უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს. ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.

ბევრი კითხვა შემოდის იმის შესახებ, თუ რომელი ჩივილებია საყურადღებო, რომლის დროსაც უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს, ამიტომ დღეს თქვენს ყურადღებას ამ საკითხზე შევაჩერებ. დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ ერთი რომელიმე კონკრეტული ჩივილი შეიძლება ბევრი დაავადებისთვის იყოს დამახასიათებელი, ამიტომ მხოლოდ ჩივილით ზუსტი დასკვნების გაკეთება ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ შეუძლებელია. ქვემოთ განვიხილავ ყველაზე გავრცელებულ ჩივილებს, რის საფუძველზეც პაციენტი ხშირად ხვდება ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე.

1.წონის უეცარი ცვლილება - თუ თქვენ აღგენიშნებათ წონის უეცარი მატება ან კლება, რომელსაც რაიმე კონკრეტულ მიზეზს ვერ უკავშირებთ, აუცილებელია ასეთ დროს ენდოკრინოლოგთან ვიზიტი ნივთიერებათა ცვლის გამოსაკვლევად.

2. პირის სიმშრალე, მუდმივი წყურვილის გრძნობა, გახშირებული შარდვა ძალიან საყურადღებო ჩივილებია. ასეთ დროს დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი დიაბეტის გამორიცხვის მიზნით.

3. პულსის აჩქარება, გულის ფრიალი ან პირიქით გულის წუთმოცულობის შენელება, არტერიული წნევის ციფრების ცვალებადობა - აღნიშნული ჩივილები შეიძლება ბევრ პათოლოგიას ახლდეს თან, ენდოკრინოლოგიური კუთხით კი ასეთ დროს გამოსარიცხია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია.

4. თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სიმშრალე, უძილობა, გაძლიერებული ოფლიანობა - ყველაზე ხშირად გავრცელებული ჩივილებია, რომლის დროსაც რეკომენდებულია ენდოკრიონოლოგიური კუთხით კვლევების ჩატარება და ორგანიზმში ჰორმონალურ სპექტრთან ერთად მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების შემოწმება.

5. ჭარბთმიანობა, გამონაყარი კანზე, მენსტრუალური ციკლის რღვევა - საკმაოდ გავრცელებული ჩივილებია. ასეთ დროს რეკომენდებულია სასქესო ჰორმონების გამოკვლევა და მკურნალობის სწორი და დროული დაწყება სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

​ქალების ინტიმური ჰიგიენა - რა უნდა ვიცოდეთ?

​ქალების ინტიმური ჰიგიენა - რა უნდა ვიცოდეთ?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ქალების ინტიმური ჰიგიენაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

ქალის ჯანმრთელობაში დიდი როლი უჭირავს ინტიმურ ჰიგიენას. ინტიმური ზონის ჰიგიენა წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცესს და მისი მოვლა უნდა დაიწყოს ქალის დაბადებიდანვე. დაბანა წარმოადგენს ჰიგიენურ პროცედურას გარეთა სასქესო ორგანოებისა და ანუსის ჰიგიენისთვის.
რა ძირითადი წესების დაცვაა აუცილებელი ინტიმური ზონების სისუფთავისთვის?
პირველ რიგში აუცილებელია:

  • რეგულარული დაბანა ყოველდღიურად, მინიმუმ ერთხელ დღეში. კრიტიკული დღეების დროს კი დაბანის რიცხვი უნდა გაიზარდოს, ყოველი პაკეტის შეცვლისას სასურველია დაბანა. თუ ქალი სქესობრივად აქტიურია, აუცილებელია სქესობრივ აქტამდე და აქტის შემდეგ დაბანა.
  • ჰიგიენური პროცედურის დროს სასურველია სპეციალურად ინტიმური ზონისთვის განკუთვნილი საშუალებების გამოყენება (ინტიმ გელი, ქაფი და საპონი - უშუალოდ ინტიმური ზონისთვის განკუთვნილი).
  • ზიანის მომტანია ისეთი არასაჭირო საშუალებების გამოყენება, როგორებიცაა: სარეცხი საპონი, დუშ-გელი, სოდა, შამპუნი და ა.შ. - ისინი არღვევენ ინტიმური ზონის მჟავა-ტუტოვან ბალანსს, რასაც მივყავართ აღნიშნული ზონის გაღიზიანებამდე, ინფექციური აგენტებისადმი მგრძნობელობამდე, რაც იწვევს გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების სიმშრალეს, აპროვოცირებს სოკოსა და ბაქტერიების ზრდას.
  • არომატიზირებული საპნები არ წარმოადგენენ ინტიმური ჰიგიენის საშუალებას, ვინაიდან მათმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
უშალოდ პროცედურის დროს:

  • წყალი უნდა იყოს გამდინარე თბილი და არავითარ შემთხვევაში ცხელი (ქალებს გვიყვარს ცხელი წყლით ბანაობა, თუმცა ინტიმური ზონის დაბანა ცხელი წყლით არ არის რეკომენდებული).
  • არ გამოიყენოთ ინტიმური ზონის დასაბანად ღრუბელი, ვინაიდან დასაბანი ღრუბელი წარმოადგენს მიკრობების ზრდის ადგილს, ასევე დააზიანებს ინტიმური ზონის ნაზ კანს.
  • მოძრაობა - უნდა მოხდეს წინიდან უკან - ბოქვენიდან ანუსის მიმართულებით და არა პირიქით, ვინაიდან არასწორი მოძრაობით გადაიტანთ ანუსიდან საშოსკენ ნაწლავში არსებულ მიკროორგანიზმებს.
  • ინტიმური ჰიგიენის დროს უპირატესობა ენიჭება შხაპის მიღებას და არა აბაზანაში ჩაწოლას. აბაზანაში ჩაწოლა ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას, რასაც მივყავართ ბაქტერიულ ვაგინიტამდე. ასევე აბაზანაში ჩაწოლა აპროვოცირებს ცისტიის განვითარებას (ნაწლავის ჩხირი - რომელიც სწორ ნაწლავსა და ანუსის სიახლოვეს ბინადრობს, შესაძლებელია გადაინაცვლოს საშოს ლორწოვანზე ან შარდსადენზე, რაც გამოიწვევს ცისტიტის განვითარებას).
  • დაუშვებელია საშოს შიგნიდან გამორეცხვა (გარდა ვაგინალური სპრეის გამოყენებისა, ისიც სამედიცინო ჩვენებით).
  • ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური პირსახოცი, დაუშვებელია სხვა ოჯახის წევრების პირსახოცის გამოყენება.
  • პარტნიორმაც აუცილებლად უნდა დაიცვას ინტიმური ჰიგიენის ნორმები.
  • საცვლები უნდა ატარებდეს ჰაერს. სინთეტიკური მასალისგან დამზადებულმა საცვლებმა შესაძლოა, გააღიზიანოს კანი და გამოიწვიოს სასქესო ორგანოების ჩახუთვა.
  • თუ კი მოგზაურობთ და არ გაქვთ დიდი ხნის განმავლობაში ჰიგინეური პროცედურების ცატარების შესაძლებლობა, გამოიყენეთ უშუალოდ ინტიმური ზონისთვის განკუთვნილი სველი ხელსახოცები.
როგორია ინტიმური ჰიგიენა კრიტიკული დღეების დროს?
აუცილებელია ტამპონის გამოცვლა 3-4 სთ-ში. თუ იყენებთ პაკეტს, მისი გამოცვლა აუცილებელია 4-5 სთ-ში. სასურველია ყოველი გამოცვლის შემდეგ ინტიმური ჰიგიენის ჩატარება - დაბანა გამდინარე თბილი წყლით. ყოველი დაბანის დროს არ არის აუცილებელი ინტიმური ჰიგიენის საშუალებების გამოყენება. ტამპონისა და პაკეტის გამოცვლისას ხელები უნდა იყოს აუცილებლად დაბანილი.
როგორ შევარჩიოთ ინტიმური ჰიგიენის საშუალება?
ინტიმური ჰიგიენის საშუალებების PH-არ უნდა აღემატებოდეს 5,5. ინტიმური ჰიგიენის საშუალებების არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მცირე დოზებით შეიცავს ლაურილის სულფატს. ეს უკანასკნელი დიდი რაოდენობით შემცველობის შემთხვევაში იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

წაიკითხეთ სრულად