Baby Bag

5 ​ყველაზე გავრცელებული ჩივილი, რომლის დროსაც ენდოკრინოლოგს უნდა მივმართოთ

5 ​ყველაზე გავრცელებული ჩივილი, რომლის დროსაც ენდოკრინოლოგს უნდა მივმართოთ

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ჩივილები, რომლის დროსაც უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს. ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.

ბევრი კითხვა შემოდის იმის შესახებ, თუ რომელი ჩივილებია საყურადღებო, რომლის დროსაც უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს, ამიტომ დღეს თქვენს ყურადღებას ამ საკითხზე შევაჩერებ. დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ ერთი რომელიმე კონკრეტული ჩივილი შეიძლება ბევრი დაავადებისთვის იყოს დამახასიათებელი, ამიტომ მხოლოდ ჩივილით ზუსტი დასკვნების გაკეთება ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ შეუძლებელია. ქვემოთ განვიხილავ ყველაზე გავრცელებულ ჩივილებს, რის საფუძველზეც პაციენტი ხშირად ხვდება ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე.

1.წონის უეცარი ცვლილება - თუ თქვენ აღგენიშნებათ წონის უეცარი მატება ან კლება, რომელსაც რაიმე კონკრეტულ მიზეზს ვერ უკავშირებთ, აუცილებელია ასეთ დროს ენდოკრინოლოგთან ვიზიტი ნივთიერებათა ცვლის გამოსაკვლევად.

2. პირის სიმშრალე, მუდმივი წყურვილის გრძნობა, გახშირებული შარდვა ძალიან საყურადღებო ჩივილებია. ასეთ დროს დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი დიაბეტის გამორიცხვის მიზნით.

3. პულსის აჩქარება, გულის ფრიალი ან პირიქით გულის წუთმოცულობის შენელება, არტერიული წნევის ციფრების ცვალებადობა - აღნიშნული ჩივილები შეიძლება ბევრ პათოლოგიას ახლდეს თან, ენდოკრინოლოგიური კუთხით კი ასეთ დროს გამოსარიცხია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია.

4. თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სიმშრალე, უძილობა, გაძლიერებული ოფლიანობა - ყველაზე ხშირად გავრცელებული ჩივილებია, რომლის დროსაც რეკომენდებულია ენდოკრიონოლოგიური კუთხით კვლევების ჩატარება და ორგანიზმში ჰორმონალურ სპექტრთან ერთად მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების შემოწმება.

5. ჭარბთმიანობა, გამონაყარი კანზე, მენსტრუალური ციკლის რღვევა - საკმაოდ გავრცელებული ჩივილებია. ასეთ დროს რეკომენდებულია სასქესო ჰორმონების გამოკვლევა და მკურნალობის სწორი და დროული დაწყება სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა არის ვიტამინი B12 და როგორ ვლინდება მისი დეფიციტი?

​რა არის ვიტამინი B12 და როგორ ვლინდება მისი დეფიციტი?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა B12 ვიტამინის შესახებ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

რა არის ვიტამინი B12როგორია მისი თვისებები, როგორ ვლინდება ვიტამინ B12-ის დეფიციტი და რომელი პროდუქტებია ვიტამინ B12-ის წყარო? - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.

ვიტამინი B12 არის წყალში ხსნადი ვიტამინი, ეფექტურია მცირე დოზებითაც კი, ცნობილია როგორც „წითელი ვიტამინი“ და ციანკობალამინი. იგი ერთადერთი ვიტამინია, რომელიც შეიცავს შეუცვლელ მინერალურ ელემენტ კობალტს, კარგად იხსნება წყალში, პრაქტიკულად არ იშლება ხანგრძლივი თერმული დამუშავების შედეგად.
ვიტამინ B12-ის თვისებებიდან მთავარი არის ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედები) სინთეზში მონაწილეობა, ის აუცილებელია უჯრედის დაყოფის პროცესში, მონაწილეობს სისხლმბადი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის სისტემის და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. ასევე მას აქვს შეუცვლელი ფუნქცია ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში, ამცირებს გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის სწორ და გამართულ ფუნქციონურებას, ზრდის ენერგიას, კონცენტრაციის უნარს, მეხსიერებისა და წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ქალებისთვის ვიტამინი B12 სასარგებლოა პრემენსტრუალურ და მენსტრუალურ პერიოდებში.
ვიტამინ B12 -ის დეფიციტს გააჩნია სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი: აუტოიმუნური (რომლის დროსაც წარმოიქმნება ანტისხეულები, რომელებიც აფერხებენ B12 ვიტამინის შეწოვას), მალაბსორბცია (ნაწლავებიდან შეწოვის პრობლემები) და კვებისმიერი უკმარისობა.
ვიტამინ B12-ის დეფიციტს თან ახლავს შემდეგი ჩივილები: კანის მოყვითალო შეფერილობა, გლოსიტი (მტკივნეული და წითელი ენა), ტუჩებზე წყლულები, ჭიანჭველის ცოცვის მსგავსი შეგრძნება სხეულზე, მხედველობის გაუარესება, დეპრესიულობა, ადვილად გაღიზიანებადობა. ასევე ყველა ის ჩივილი, რაც რკინადეფიციტურ ანემიას ახასიათებს (იხ. ჩვენი ​წინა რუბრიკა), რადგან ვიტამინ B12-ის დეფიციტი თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია ანემიის განვითარებასთან, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხევაში მისი დეფიციტის ხარჯზე ვითარდება და არა რკინის, რაზეც ჩვენ უკვე ვრცლად ვისაუბრეთ რამდენიმე კვირის წინ.
ვიტამინ B12-ის ძირითადი წყაროა ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ესენია: ხორცი, რძე, კვერცხი, თევზი. ვიტამინ B12-ს შეიცავს ასევე ზღვის წყალმცენარეები, ხოლო რაც შეეხება მის მედიკამენტოზურ მკურნალობას რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბოლოს კი ჩვენი მკითხველისთვის მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვიტამინ B12 დეფიციტის განვითარების რისკ ქვეშ არიან დიაბეტით დაავადებული პაციენტები, ასეთი პაციენტების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს B12 ვიტამინის ადეკვატურ დონეს ორგანიზმში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა

წაიკითხეთ სრულად