Baby Bag

გაციების დროს რა უნდა გააკეთოთ და რა - არა

გაციების დროს რა უნდა გააკეთოთ და რა - არა

გაციების დროს რა უნდა გააკეთოთ და რა - არა! - თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

მისი თქმით, გაციება ამ ბოლო დროს პრობლემად იქცა, რადგან ზოგიერთს ჰგონია, რომ კორონა ვირუსი აქვს. ვიდეოში ექიმი რეზიდენტი საუბრობს კონკრეტულად გაციების დროს რა უნდა გააკეთოს ადამიანმა და რა არ უნდა გააკეთოს:

,,გაციება ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება ცხვირის და ხახის ლორწოვანი გარსების ანთება, მას ვირუსული ნაზოფარინგიტი ჰქვია და მას იწვევს 200-ზე მეტი ვირუსი. თუმცა ყველაზე ხშირია რინოვირუსი. თუ ამ ვირუსით დაავადებულს შეხვდებით, ხელს ჩამოართმევთ, დაეკონტაქტებით, ორ დღეში დაიწყება სიმტომები. მისი სიმპტომებია - სურდო, ვერ სუნთქავთ ცხვირით და იცვლება ხმაც, ყელის ტკივილი, შეიძლება იყოს ხველა და ასევე ცემინება. ეს არის კლასიკური გაციება,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

ექიმი ასევე გასწავლით, თუ როგორ ებრძოლოთ გაციებას:

,,თუ ვინმეს შეხვდებით, ვინც გაციებულია, ეგრევე ხელები დაიბანეთ. ხელების დაბანით თავს დაიცავთ - ეს არის პირველი რჩევა. თუ მაინც დაინფიცირდით და შემაწუხებელი სიცხე გაქვთ, არსებობს ორი მედიკამენტი: იბუპროფენი და აცეტამინოფენი, იგივე პარაცეტამოლი. გაციების დროს ყველაზე კარგად იბუპროფენი მუშაობს. პარაცეტამოლის ეფექტი გაციების დროს არ ვიცით როგორია, ამიტომ სჯობს იბუპროფენი მიიღოთ. მეორე რჩევაა, არ გამოიყენოთ ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, ეს ფულის ტყუილად ხარჯვაა. ამას განსაკუთრებით ვეუბნები მშობლებს, მით უმეტეს 6 წლამდე ბავშვებს ნუ დაალევინებთ ხველის საწინააღმდეგო წამლებს, რადგან გაციების დროს მათი სარგებელი და რისკები არ არის ერთმანეთთან ბალანსში. ზოგიერთი იყენებს ასევე ცხვირის საშუალებებს, რაც სურდოს ხსნის, მაგრამ მათი ეფექტურობაც გაციების შემთხვევაში ძალიან დაბალია. ყველაზე ეფექტურია გაციების დროს თუთია. გაციების ნიშნების დაწყებიდან პირველ 24 საათში თუ მიიღებთ თუთიას, პირველი - შემცირდება დაავადების სიმძიმე, მეორე შემცირდება დაავადების ხანგრძლივობა, მესამე - შეიძლება აღარც დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტები, რადგან მდგომარეობიდან უფრო სწრაფად გამოხვალთ. არ დალიოთ კატეგორიულად ანტიბიოტიკები. თუთიის ეფექტურობა თუ გინდათ დაინახოთ, მაშინ დოზა სწორად უნდა შეარჩიოთ. გაციების დროს თუთია უნდა იყოს გამოყენებული 50-იდან 75 მილიგრამამდე,'' - დასძენს გიორგი ღოღობერიძე. 

რაც შეეხება C ვიტამინს, იგი გაციების ხანგრძლივობას ცოტათი ამცირებს, თუმცა სიმძიმეს არ ცვლის. ამიტომ C ვიტამინზე ეფექტური თუთიაა. D ვიტამინის როლი კი არ არის ცნობილი. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: Usmle 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

​კანის კიბოსთან დაკავშირებული მითები, რომლებიც არ უნდა დავიჯეროთ

​კანის კიბოსთან დაკავშირებული მითები, რომლებიც არ უნდა დავიჯეროთ

კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე ექიმი ზაზა თელია წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

მითი  N1 - მე არ მაქვს კანის კიბოს განვითარების მომატებული რისკი ზამთრის თვეებში ან ღრუბლიან ამინდში, როდესაც მზე ძლიერ არ ანათებს
ფაქტი - მზის ულტრაიისფერი სხივები ადვილად აღწევს ღრუბლის გავლით დედამიწის ზედაპირამდე, ასევე შუშის გავლით შენობებში, შესაბამისად, მზის დამცავის გამოყენება რეკომენდებულია მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად კანის კიბოს განვითარების რისკის შესაცირებლად.
მაგალითად - აშშ-ში კანის კიბო წარმოადგენს ყველაზე ხშირ სიმსივნეს და ყოველი 5 ამერიკელიდან ერთს უვითარდება კანის კიბო, როდესაც ისინი აღწევენ 70 წლის ასაკს.
მითი N2 - დაზიანება უკვე მიღებულია. ახალგაზრდობაში არასწორად ვიქცეოდი, არ ვიცავდი თავს მზისგან, ვირუჯებოდი. ახლა ვეღარ მოვახდენ ზეგავლენას ჩემი კანის კიბოს განვითარების რისკზე
ფაქტი - იმის მიუხედავად, რომ მზის დაზიანების შემთხვევების უმეტესობა გვხვდება ბავშვებში, დღეისათვის ცნობილია, რომ მთლიანი ცხოვრების განმავლობაში მიღებული მზის დაზიანების მხოლოდ 20% გვხვდება 22 წლამდე ასაკში.
ყოველი ათწლეულის განმავლობაში შენ იღებ დაზიანების დამატებით 10%-ს.
შესაბამისად, არასდროს არ არის გვიანი დაიწყო მზისგან დაცვა იმისათვის, რომ შეამცირო კანის კიბოს განვითარების რისკის კუმულაციური (დაგროვებითი) მაჩვენებელი.
მითი N3 - დღეს დილით მე გამოვიყენე SPF50, ამიტომ შემიძლია უსაფრთხოდ მივიღო რუჯი
ფაქტი - არ არსებობს „უსაფრთხო გარუჯვის“ ცნება.
გარუჯვისას შენი კანი სქელდება და მუქდება იმისათვის, რომ დაიცვას ორგანიზმი დამატებითი დაზიანებისგან.
რუჯის არსებობა უკეთესია ვიდრე დამწვრობა, თუმცა გარუჯული კანი უკვე ნიშნავს დაზიანებულ კანს.
ასევე ადამიანთა 50%-ზე ნაკლები იყენებს მზისდამცავს სწორად და სწორი რაოდენობით ადეკვატური დაცვისათვის.
ადამიანს სჭირდება დაახლოებით 28 გრამი (გოლფის ბურთის ზომა) მზისდამცავი თავიდან ფეხებამდე წასასმელად 20 წუთით ადრე მზეზე გასვლის წინ, იგივე რაოდენობის გამოყენება ყოველ 2 საათში ინტენსიურ მზეზე ყოფნისას, ასევე ცურვის და შხაპის მიღების შემდგომ.
იმის მიუხედავად, რომ მზის დამცავის გამოყენება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ის არ წარმოადგენს მზეზე წოლის „ლიცენზიას“. მზის დამცავი გამოყენებულ უნდა იქნას ქუდთან, სათვალესთან, ტანსაცმელთან ერთად, რომელიც ფარავს კანის დიდ ნაწილს (თუ ტანსაცმლით კანი მუდმივად დაფარულია, ამ კანის ფართობზე მზისდამცავის გამოყენება არ არის საჭირო).
მითი N4 - მე არ უნდა გამოვიყენო მზის დამცავი, რადგან ის D ვიტამინის გამომუშავებას უშლის ხელს
ფაქტი - სულ მცირე, რამდენიმე წუთის განმავლობაში არის საჭირო მზის სხივების ზემოქმედება კანის სულ მცირე ნაწილზე (მაგალითად, სახე) ადეკვატური რაოდენობის D ვიტამინის მისაღებად.

​მზისდამცავის გამოყენება არ აფერხებს D ვიტამინის სინთეზს.
მზის ულტრაიისფერი სხივებით მიღებული რისკები საგანგაშოა - გააჩნია კანცეროგენული ეფექტი დნმ-ის დაზიანების ხარჯზე, რომელიც იწვევს კიბოს განვითარებას, ნაოჭების განვითარების ეფექტი, ლაქების და სიწითლის განვითარების ეფექტი, ასევე კანის და კანქვეშა ქსოვილებში გავლით აღწევს ვისცერალურ ორგანოებამდე და იწვევს მათ დაზიანებასაც.
მითი N5 - მუქი კანის მქონე ადამიანები არ არიან კანის კიბოს განვითარების რისკის ქვეშ
ფაქტი - მიუხედავად იმისა, რომ კანის კიბოს განვითარების რისკი უფრო მეტია ღია ფერის კანის ადამიანებში, ღია ფერის თმის მქონე ადამიანებში, ასევე ადამიანებში, რომლებსაც უვითარდებათ ჭორფლები, არცერთი ეთნოსის ადამიანს არ აქვს „იმუნიტეტი“ კანის კიბოს წინააღმდეგ. შესაბამისად, ყველა ტიპის კანის მქონე ადამიანს სჭირდება მზისგან დაცვის ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბება.
მითი N6 - სოლარიუმი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მზის ბუნებრივი სხივები
ფაქტი - ულტრაიისფერი სხივების რაოდენობა სოლარიუმის შემთხვევაში 10-ჯერ აღემატება მზის ბუნებრივ ულტრაიისფერი სხივების რაოდენობას დღის პიკის საათებში.

​მითი N7 - სამაკიაჟო პროდუქტი SPF-ის შემცველობით ახდენს ადეკვატურ მზისგან დაცვის საშუალებას
ფაქტი - არა, მზისდამცავის გამოყენება უმდა მოხდეს მაკიაჟის წასმამდე ადეკვატური დაცვის მისაღებად, ეს იმიტომ, რომ სამაკიაჟო საშუალებაში შემავალი SPF-ის ოდენობა არასდროს არ არის საკმარისი ადეკვატური დაცვისათვის.
მითი N8 - თუ მინდა, რომ ნევუსზე (ხალი) შევიმოწმო თავი, აუცილებელია მისი ქირურგიული გზით მოცილება
ფაქტი - საეჭვო ნევუსების დათვალიერება შესაძლებელია ეფექტურად და უსაფრთხოდ მოხდეს დერმატოსკოპის გამოყენებით დერმატოლოგის მიერ.
ასევე რეკომენდებულია ადამიანმა წელიწადში ერთხელ მოახდინოს სხეულის კანის ყველა ნაწილის თვით დათვალიერება სარკეში, შესაძლებელია დავიხმაროთ ოჯახის წევრი ჩვენთვის ძნელი თვალთახედვის ადგილებში მდებარე ხალების შესამოწმებლად. ოჯახის წევრი უნდა იყოს ყოველთვის ერთი და იგივე იმისათვის, რომ მან დააფიქსიროს ხალის ცვლილება ABCDE წესის შესაბამისად,“ - წერს ზაზა თელია.

წაიკითხეთ სრულად