Baby Bag

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე
1 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 23 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე ნახულობს, პასუხებს კი პასუხების ფურცელზე ნიშნავს ან წერს. წელს მცირედი ცვლილება შევიდა 4 საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხოური ენები) საგამოცდო ტესტში.

მთავარი სიახლე:

აბიტურიენტი ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ასევე წარიმართება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესიც.

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა - შედეგები და აპელაცია

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა - შედეგები და აპელაცია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ​საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებსა და აპელაციის პროცედურებს აქვეყნებს.

​​შედეგები


ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადები მიიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მაგისტრანტობის მსურველს, ისევე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოცდის მონაწილის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:

აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდებს: online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“ და იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ სააპელაციო განაცხადის გაკეთების შესაძლებლობას).

ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა.

დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“. აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისთვის მინიჭებულ ნომერს.

განაცხდის გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.


წაიკითხეთ სრულად