Baby Bag

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე
1 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 23 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე ნახულობს, პასუხებს კი პასუხების ფურცელზე ნიშნავს ან წერს. წელს მცირედი ცვლილება შევიდა 4 საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხოური ენები) საგამოცდო ტესტში.

მთავარი სიახლე:

აბიტურიენტი ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ასევე წარიმართება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესიც.

შეიძლება დაინტერესდეთ

საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება

საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება

ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან და შვეიცარულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან ერთად საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება.

  • სკოლა წელიწადში 200 ახალგაზრდას მოამზადებს ტურიზმის სფეროში, რომლებიც ავტომატურად დასაქმდებიან.
  • განხორციელდება ლექტორების მომზადების პროგრამები საერთაშორისო პარტნიორების მიერ.
  • იგეგმება საინვესტიციო ფორუმების ორგანიზება, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
  • აკადემია შეასრულებს რეგიონული ჰაბის როლს.
  • შერჩეულ მიმართულებებში ცენტრი იქნება მსოფლიოში ერთადერთი, უპირობო ლიდერი.


2018 წლის ნოემბერში მადრიდში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რაც საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროგრამა გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინ აკადემიის პლატფორმის შექმნა. ასევე, სხვადასხვა პროექტებს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის.

წაიკითხეთ სრულად