ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
რა გადაწყვეტილება მიიღეს სკოლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით?
15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღები, არ იფუნქციონირებენ 4 ოქტომბრამდე. სკოლები, პროფესიული კოლეჯები და უმაღლესი სასწავლებლები 4 ოქტომბრამდე იფუნქციონიერებენ დისტანციურ რეჟიმში.
რაც შეეხება სკოლებს, მინდა დავაკონკრეტო, 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე.
მინდა დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება 4 ოქტომბერს და როგორი კრიტერიუმით ვისარგებლებთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა. ეს გულისხმობს შემდეგს: იმ ქალაქეში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იმ ქალაქებში და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.
როგორც იცით, ამჟამად საქართველოში დელტა შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგზარდებს. შესაბამისად, ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა არის უმთავრესი პრიორიტეტი. ამის საფუძველზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ასევე მინდა განვმარტო, რომ, როგორც მოგახსენეთ, 4 ოქტომბერს იმ სოფლებში და ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში, მაგრამ იქაც ჩვენ გვინდა მაქსიმალურად მოქნილი სისტემა შევთავზოთ მშობლებს. ჩვენ გვქონდა ეს პრაქტიკა დანერგილი წინა სემესტრებში - თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია მისი შვილი კვლავ დისტანციურ ფორმატში სწავლობდეს, ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ. ჩვენი შეთავაზებული სისტემა იქნება მაქსიმალურად მოქნილი,“ - დასძინა მინისტრმა.