ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
რას ჰპირდება განათლების მინისტრი მასწავლებლებს 2019 წლისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაერთი გამოსვლისას აღნიშნა, რომ პედაგოგების შრომა აუცილებლად დაფასდება და მათ 2019 წლისთვის ხელფასები გაეზრდებათ.
კონკრეტულად რა განცხადებები გააკეთა მინისტრმა 2018 წელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იხილეთ მინისტრის ნათქვამი სიტყვა-სიტყვით:
„1 წლის განმავლობაში 10 000 პედაგოგს გაეზრდება ხელფასი. ხელფასების ზრდა ყოველწლიურად მოხდება. 2022 წლისთვის ჩვენ უკვე მივაღწევთ, რომ პედაგოგის საშუალო ხელფასი 1500 ლარი იყოს. ეს არის კარგად დათვლილი და გააზრებული. გაზრდილი ხელფასი მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური მდგომარეობისთვის. ვფიქრობთ, რომ რეფორმას, განახლებულ პროგრამებს სჭირდება შესაბამისად მაღალანაზღაურებადი მასწავლებელი. იმიტომ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციას. მასწავლებლების ღირსეული შრომა უნდა იყოს დაფასებული.“
„თუ პედაგოგს არ ექნა ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული ეკონომიკური პირობები, მას ვერ ექნება მოტივაცია და ამის გარეშე საქმე წინ ვერ წავა. მესმის, რომ დღეს ბევრი ადამიანი მართლა გმირობას სჩადის – დაუღალავად და ყოველდღიურად შრომობს, თუმცა იმისთვის, რათა სისტემურ ცვლილებებზე ვილაპარაკოთ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ადამიანთა მატერიალური უზრუნველყოფა. უკვე მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ხელფასების ზრდა. ეს პედაგოგთა დიდ რაოდენობას ეხება. ამისთვის რესურსები უკვე გაწერილია.“
„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს. დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს და თქვენი პროფესია უფრო მეტად იყოს დაფასებული.“