ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშრებით საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს აცხადებს - „გაცოცხლებული სურათები“.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან ანიმაციური ვიდეორგოლები, რომლებშიც ნიკო ფიროსმანის ნახატებს გააცოცხლებენ. გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებითა და სხვა ტიპის საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გამოვლენა განვითარება.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში: პირველი კატეგორია - VII-IX კლასის მოსწავლეები და მეორე კატეგორია - X-XII კლასის მოსწავლეები;
მოსწავლემ უნდა შექმნას ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებს ნიკო ფიროსმანის ნახატებს;
ანიმაციური ვიდეორგოლის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ციფრული თუ სხვა ტიპის უკვე არსებული რესურსი, ასევე მოსწავლეების მიერ თავად შექმნილი ნახატები;
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ფიროსმანის ბიოგრაფიის ისტორიები და მათ მიხედვით შეიმუშაონ ანიმაციური ვიდეორგოლის სიუჟეტი;
ვიდეორგოლი უნდა იყოს გახმოვანებული/გაფორმებული მუსიკალურად;
ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.