ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი და ხანგრძლივობა განისაზღვრა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი და ხანგრძლივობა განისაზღვრა.
ბრძანების თანხმად, ტესტირება ჩატარდება 6 და 7 მარტს შემდეგ მისამართებზე:
სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ მისამართი: ქალაქი ქობულეთი, რუსთაველის N154
სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ მისამართი: ქალაქი თბილისი, გურამ ფანჯიკიძის N3
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მისამართი: ქალაქი თბილისი, კოსტავას N68 (I კორპუსი).
დირექტორობის მსურველთა საგამოცდო ცენტრებში გადანაწილების შესახებ ინფორმაცია, რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდების მიხედვით, გამოქვეყნდება 4 მარტს.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ტესტირება ჩატარდება 4 სესიად, დღეში 2 სესია. ტესტირების პირველი სესია დაიწყება 09:00 საათზე, ხოლო მეორე სესია - 16:00 საათზე. ტესტირების ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს. რეგისტრაცია დაიწყება ტესტირების დაწყებამდე 1 საათით ადრე. დირექტორობის მსურველი ვალდებულია, ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით, საგამოცდო ცენტრში გამოცხადდეს რეგისტრაციის დასრულებამდე.
დირექტორობის მსურველი ვალდებულია თან იქონიოს:
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი, რომელიც მიენიჭა რეგისტრაციის დროს;