ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
„ბატონო მიხეილ, მინდა, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“ - პერმიერ-მინისტრის დავალება განათლების ახალ მინისტრს
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და დავავალო ბატონ მიხეილს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ჩვენ შევძლოთ უახლოესი წლების განმალობაში აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რაც გვაქვს შრომის ბაზარზე. ბატონო მიხეილ, მინდა ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“, - ეს არის პირველი დავალება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ახალ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მისცა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ ჩხენკელი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში:
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მიხეილი განათლების სისტემური რეფორმის თვალსაზრისით, ჩართული იყო როგორც ამ რეფორმის მომზადების, შემდგომ ამ რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და შესაბამისად, მან ზედმიწევნით ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში, როგორ მზადდებდა ეს რეფორმა და როგორ ხდებოდა მისი აღსრულება. ეს არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, სხვა ღირსებებთან ერთად ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.