ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
„არ წამოეგოთ შეთავაზებას - გახდეთ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე“ - განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს
ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელებში გახშირდა სარეკლამო განცხადებები, რომლის თანახმად, აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეუძლიათ. აღნიშნულს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება.
მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აბიტურიენტებს მოუწოდებს არ წამოეგონ შეთავაზებას - გახდნენ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ სასწავლებლებს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელია, ჰქონდეთ გავლილი ავტორიზაცია, რაც კანონით სავალდებულოა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც. აბიტურიენტების ინტერესების დაცვის მიზნით, აღნიშნული საკითხი მიხეილ ბატიაშვილის 2018 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით დარეგულირდა“, - აცხადებს ირინა აბულაძე.