ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა
8 აპრილს, საფრანგეთში, ქალაქ რენში, რენის ბიზნესის სკოლის ბაზაზე, კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა, რაც საქართველოში პირველი პრეცედენტია. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კავკასიის უნივერსიტეტსა და რენის ბიზნესის სკოლას შორის, რომელიც ფლობს ე.წ. სამმაგ საერთაშორისო აკრედიტაციას (Triple Crown) – AACSB, EQUIS-სა და AMBA-ს. ხელშეკრულება ითვალისწინებს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას მხარეებს შორის - სწავლების, კვლევისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მიმართულებით.
კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ევროპულ საგანამანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო აქტივობის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაღრმავებას. ასევე, მხარეებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.
კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი საგნამანათლებლო ცენტრია, რომელიც უზრუნველყოფს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო სასწავლო გარემოში სწავლა-სწავლების და კვლევის გამოცდილების მიღებას.
თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
შეიქმნება ერთობლივი კვლევითი ცენტრი;
შემუშავდება ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (DBA);
განვითარდება ორმაგი ხარისხის პროგრამები;
განისაზღვრება პროფესორ-მასწავლებელთა თანააფილირების პოლიტიკა;
განხორციელდება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები;
შემუშავდება ერთობლივი მოკლევადიანი პროგრამები და პროექტები.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და რენის ბიზნესის სკოლის გენერალურმა დირექტორმა და დეკანმა, თომას ფროლიშერმა.