ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
„აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, მასწავლებლობის მსურველების კი - აგვისტოს მეორე ნახევრიდან“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიასთან საუბარისას განაცხადა.
მან საგამოცდო პროცესის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოცდებზე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული:
„საგამოცდო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. მადლობას ვუხდი ამ პროცესის თითოეულ მონაწილეს - როგორც საგამოცდო პერსონალს, ასევე გამოსაცდელებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იცავდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, მასწავლებლობის მსურველების კი - აგვისტოს მეორე ნახევრიდან“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.