მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდაზე 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
,,უკვე ერთ საათზე მეტია რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა. გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა. სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში 4 აბიტურიენტი. რაც შეეხება გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაშვების ფაქტს, ასეთი შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით ჯამში 2-ია, ორივე შემთხვევაში იყო 38 გრადუსამდე ტემპერატურა. ასევე, 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში იყო ემოციურ ფონზე ტემპერატურის მომატების ფაქტი, იყო დასაშვები ტემპერატურა, ექიმმა ნახა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში დაეშვა," - დასძინა სოფიო გორგოძემ.
პირველ გამოცდას დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში სპეციალური წესები მოქმედებს.
გარდა იმისა, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე ხდება, ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.
ბუნებრივი განიავებისას კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია თუმცა, ჩართული კონდიციონერის პირობებში პირბადე სავალდებულოა და აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
აუცილებელია შენარჩუნებული იყოს: ფიზიკური დისტანცია; ხელების ჰიგიენის დაცვის წესი; რესპირატორული ეტიკეტი; ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი; კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე; აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია; დაუშვებელია ერთი და იმავე ჰაერის რე-ცირკულაცია.
ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომლებიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.