Baby Bag

სასამართლომ Naec-ს ადვენტისტი აბიტურიენტებისთვის გამოცდის გადატანა დაავალა

სასამართლომ Naec-ს ადვენტისტი აბიტურიენტებისთვის გამოცდის გადატანა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, 16 ივლისის დროებითი განჩინებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა, რომ ორ აბიტურიენტს, რომლებიც საკუთარი რელიგიური მრწამსის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ შაბათ დღეს (18 ივლისს) დანიშნულ ინგლისური ენის გამოცდაში, გამოცდა გადაუტანოს 17 ან 19 ივლისს.

ორმა აბიტურიენტმა, რომლებიც არიან მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები, გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს. ცენტრმა მათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრა, რითაც დაირღვა განმცხადებლების რელიგიის თავისუფლება, განათლებისა და თანასწორობის უფლება.

არსამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა TDI-მ, რომელიც იცავს ორი აბიტურიენტის ინტერესებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით 15 ივლისს მიმართა. 

„განცხადებით მოთხოვნილი იყო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავალებოდა დაგეგმილი ერთიანი ეროვნული გამოცდის გადატანა 17 ან 19 ივლისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა. საყურადღებოა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გამოცდების განრიგით, ინგლისური ენის გამოცდა დანიშნულია სამ სხვადასხვა დღეს - კერძოდ, 17, 18 და 19 ივლისს.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციით დაცულ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებზე და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. სასამართლომ რწმენისა და რელიგიის თავისუფლების და განათლების უფლების მნიშვნელობაზე იმსჯელა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ შაბათ დღეს დანიშნულ სესიაში აბიტურიენტების განაწილება, შესაძლოა განპირობებული იყოს ლეგიტიმური მიზნით, ვინაიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის დადგენა ხდება კანონის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული წესით. თუმცა მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან განმცხადებელთა რწმენის, აღმსარებლობისა და განათლების უფლებებში ჩარევა, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც, არ არის გამართლებული, რადგან ჩარევა უნდა იყოს შეზღუდვის პროპორციული და აუცილებელი. შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული ღონისძიება ზღუდავს განმცხადებელთა რწმენის, აღმსარებლობისა და განათლების უფლებებს.

ინგლისური ენის გამოცდის სესიები, გარდა შაბათისა, დანიშნულია ასევე პარასკევს და კვირას (17 და 19 ივლისს). ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელთა გამოცდის სხვა სესიაზე გადანაწილება შესაძლებელია, რომ ეს არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღებას და არ უნდა მოხდეს აბიტურიენტების რწმენის, აღმსარებლობის და განათლების უფლებებში ჩარევა.

სასამართლომ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დროებითი განჩინებით, აბიტურიენტებისთვის ინგლისურ ენაში 18 ივლისს დაგეგმილი გამოცდის 17 ან 19 ივლისს გადატანა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაუყოვნებლივ შესრულება დაავალა. ამ განჩინების გასაჩივრება ვერ შეაჩერებს მის მოქმედებას. 17 ივლისს შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად ჩაბარდა სასამართლოს განჩინება,“ - აღნიშნულია  არსამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა მოსაგვარებელია...“

„პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა მოსაგვარებელია...“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველი არხის პირდაპირ ეთერში განათლების სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. გთავაზობთ მინისტრის ერთ-ერთ განცხადებას სიტყვა-სიტყვით:

„წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები არის ყველა მიმართულებით. მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტებამდე რომ მივიდეს, მინიმალური გათვლებით, შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება. ეს რაც შეეხება მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას, ამის გარდა, მოსაგვარებელია პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა. ამაზე თუ არ ვიზრუნეთ, ძალიან რთული იქნება ჩვენს წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა“, – მიხეილ ბატიაშვილი. 

წყარო: 1tv.ge

წაიკითხეთ სრულად