Baby Bag

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა
გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნების პროცესი. დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პირველად შედეგებს ბიოლოგიასა და ფიზიკაში.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
ბიოლოგიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე. ი. 17.50 ქულაზე) მეტი.

ფიზიკის მაქსიმალური ქულაა 75. საგამოცდო საგნის ჩასაბარებლად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე.ი. 18.75 ქულაზე) მეტი.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროგრამის გამოყენებას სთავაზობს

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროგრამის გამოყენებას სთავაზობს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება.

უწყების ცნობით, დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, მათ შორის, Teams, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. 

„პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შეძლებს.

Teams-ში ინტეგრირებულია OneNote Class Notebooks, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დავალებებისა და სასწავლო რესურსების ასატვირთად შექმნილია პირადი სამუშაო სივრცე. პროგრამა ასევე ეხმარება პედაგოგს სილაბუსის, ქვიზის, კითხვარების მომზადებასა და ონლაინ სასწავლო პროცესის წარმართვაში.

აღნიშნული ინტერნეტპროდუქტები ყველა ჩართული მხარისთვის ხელმისაწვდომია. მათ შორის, მოსწავლეებისთვის შექმნილია ელექტრონული ფოსტა, რომელზეც უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. გარდა ამისა, გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების მაგალითები განთავსებულია პორტალზე email.mes.gov.ge.

პროდუქტების გამოყენებისთვის ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გააქტიურებული Office 365-ის მომხმარებლის პროფილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ელექტრონული მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) Microsoft-თან უკვე 11 წელია თანამშრომლობს. კომპანიის მხარდაჭერით არაერთი პროექტი განხორციელდა და სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგა,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყ​არო“ 
წაიკითხეთ სრულად