Baby Bag

გასულ წლებში სკოლის გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია შეეძლებათ

გასულ წლებში სკოლის გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია შეეძლებათ

„​წლების განმავლობაში, იმ ადამიანებს, ვინც, სკოლის საატესტატო გამოცდების თუნდაც ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო გეგმა დაძლიეს, ეროვნულ გამოცდებზე გასვლის საშუალება არ ჰქონდათ. წელს მათ ამის საშუალება ექნებათ,“ - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი აბიტურიენტის დარეგისტრირებას ელოდებიან:

„ჩვენ ველოდებით, რომ წელს უფრო მეტი აბიტურიენტი გვეყოლება, ვიდრე წინა წელს. შარშან დაახლოებით 38 ათასი აბიტურიენტი გვყავდა. თუმცა წელს, იქიდან გამომდინარე, რომ გაუქმდა ე.წ. კატის გამოცდები, უფრო მეტ აბიტურიენტს ექნება გამოცდაზე გასვლის საშუალება, შესაბამისად, ველოდებით, რომ ნაკადი გაიზრდება. კონკრეტულ რაოდენობას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, შანსი წელს უფრო მეტ ადამიანს აქვს. წლების განმავლობაში იმ ადამიანებს, ვინც, თუნდაც, ერთ საგანში ჩაიჭრა cat-ის გამოცდებში, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო გეგმა დაძლიეს, ეროვნულ გამოცდებზე გასვლის საშუალება არ ჰქონდათ. წელს მათ ამის საშუალება ექნებათ. თუ მოსწავლეს დაძლეული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმა და დადებითი შეფასება აქვს საგანში, ის უფლებამოსილია აიღოს ატესტატი. რეგისტრაციის მომენტში ატესტატის ქონა, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, მაგრამ შემდეგ ჩარიცხვებისთვის აუცილებლად დასჭირდებათ. ასევე, მოვუწოდებ აბიტურიენტებს, რომ ბოლო დღემდე არ მიიყვანონ რეგისტრაციის პროცესი, რაიმე პრობლემა რომ არ წამოიჭრას“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

იხილეთ ასევე:


შეიძლება დაინტერესდეთ

როგორი სირთულის იქნება წელს ზოგადი უნარების ტესტი

როგორი სირთულის იქნება წელს ზოგადი უნარების ტესტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვული ცენტრის ახალი პროექტის ფარგლებში, აბიტურიენტების შეკითხვებს ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ჩიქვინიძემ უპასუხა. ნახეთ ყველაზე აქტუალური კითხვები და პასუხები:

ზოგადი უნარების ტესტის რა ტიპის დავალებებში უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე მეტ შეცდომას?

აბიტურიენტები შედარებით მეტ შეცდომას უშვებენ ვერბალური ნაწილის წაკითხული ტექსტის გააზრებასა და მათემატიკური ნაწილის მონაცემთა საკმარისობის დავალებებში.

არის თუ არა წელს რაიმე ტიპის ცვლილება ზოგადი უნარების გამოცდის ტესტებში ბარიერის, საგამოცდო საკითხებისა ან ტესტის ნაწილებს შორის ქულების გადანაწილების თვალსაზრისით? როგორი სირთულის იქნება წელს ტესტი?

ზოგადი უნარების გამოცდაში წელს სიახლეები არ არის. ტესტი დაახლოებით ისეთივე სირთულის იქნება, როგორიც წინა წლებში იყო.

როგორ გავანაწილოთ დრო ისე, რომ ზუსტად გვეყოს?

ყურადღებით გაეცანით დავალების პირობას, იმ შემთხვევაში, თუ გაგიჭირდათ პასუხის გაცემა, გამოტოვეთ (ნუ დაუთმობთ ბევრ დროს) და გადადით შემდეგზე. ყველა დავალების ნახვის შემდეგ ისევ დაუბრუნდით მას. დავალებები გადის აპრობაციას და საგამოცდო ტესტში მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება. შესაბამისად, დროის სწორად განაწილების შემთხვევაში გამოცდისათვის გამოყოფილი დრო სავსებით საკმარისია.

პასუხები ბოლოს გადავიტანოთ თუ თითოეული დავალების ამოხსნის შემდეგ?

უმჯობესია, კონკრეტული დავალების ამოხსნის შემდეგ გადაიტანოთ პასუხი პასუხების ფურცელზე, რადგან, ხშირად, როცა აბიტურიენტებს ტესტირების ბოლოს გადააქვთ პასუხები, სიჩქარის გამო ერევათ თანმიმდევრობა.

ანალოგიების შესრულებისას დასჭირდება თუ არა მოსწავლეს უცხო სიტყვის წინარე ცოდნა სწორი პასუხის შემოსახაზად?

ანალოგიის ტიპის დავალებებში უცხოური წარმომავლობის სიტყვები, ძირითადად, ტექსტთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, კონტექსტიც შეიძლება დაგეხმაროთ მათი მნიშვნელობის გაგებაში.


წაიკითხეთ სრულად