Baby Bag

ხულოში საგამოცდო ცენტრი გაიხსნება

ხულოში საგამოცდო ცენტრი გაიხსნება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2019 წელს ხულოში საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალში ხულოს ცენტრის არჩევაც შეეძლებათ.

მაღალმთიან აჭარაში საგამოცდო ცენტრი წლების განმავლობაშიფუნქციონირებდა, თუმცა 2018 წელს სკოლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ცენტრი ვეღარ გაიხსნა.

2019 წელს გამოცდები შემდეგ ქალაქებში ჩატარდება: ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავი, ფოთი, ქუთაისი და ხულო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყო. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად იყოფა - პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა აბიტურიენტებს პირველ, ძირითად ეტაპზე (3 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ.

3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მას გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლ შეეძლება, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები ცნობილია

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პირველად შედეგებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.


საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.


შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).


ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი (17.5 ქულაზე მეტი). მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).


სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.



წაიკითხეთ სრულად