Baby Bag

„განათლების რეფორმა გაუაზრებელი და მოუფიქრებელია“ - სერგი კაპანაძე

„განათლების რეფორმა გაუაზრებელი და მოუფიქრებელია“  - სერგი კაპანაძე

​„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, სერგი კაპანაძე განათლების რეფორმას გაუაზრებელსა და მოუფიქრებელს უწოდებს. დეპუტატის თქმით, განათლების მინისტრი სწორედ ამიტომ დაიბარეს პარლამენტში.

„განათლების მინისტრთან ჩვენი კითხვები დაკავშირებულია იმ სრულიად მოუფიქრებელ და გაუაზრებელ ე.წ განათლების რეფორმასთან, რომელიც მან შემოგვთავაზა. რეალურად გულისხმობს მხოლოდ გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას და ზოგადი უნარების ტესტის არასავლდებულოდ გახდომას. არცერთ ამ კონკრეტულ საკითხზე მინისტრს არგუმენტი არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მან წერილით გვიპასუხა ჩვენ დასმულ კითხვებზე.

იმ წერილში ასევე სადღეგრძელოებია, არცერთი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი. ჩვენი შვილების მომავლით თამაში არის სახიფათო, არავის არ უნდა შერჩეს და ვაპატიოთ, ეს კითხვები გვექნება. რატომ აპირებს ამ ასე სწრაფად, ასე მოუფიქრებლად ამ კვაზი რეფორმის განხორციელებას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ.

ბატიაშვილი „ევროპულმა საქართველომ” დაიბარა. მის მიმართ კითხვები პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების ინიციატივას შეეხება.

პრემიერი კი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიბარა კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით.


შეიძლება დაინტერესდეთ

​2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება

​2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნებას. უკვე ცნობილია შედეგები მათემატიკაში, ხელოვნებაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 

ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge. გამოსაცდელებს საშუალება ექნებათ, გაასაჩივრონ, როგორც ცალკეული დავალება, ასევე მთლიანი ნაშრომი. გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია.

რაც შეეხება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს, თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ.

ცენტრის ცნობით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

2020 წლის საგამოცდო პროცესი 6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდით დაიწყო და 4 აგვისტოს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. საქართველოს მასშტაბით გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი.
წაიკითხეთ სრულად