Baby Bag

„პრემიერს ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა,“ - ილია მეორე

„პრემიერს ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა,“ - ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მას დაჰპირდა, რომ საშუალო სკოლის პროგრამაში გალობას და ხალხურ სიმღერს შეიტანენ. ამის შესახებ პატრიარქმა ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას“, - განაცხადა ილია მეორემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფოლკლორის ცენტრი საქართველოს მასშტაბით 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს შვიდი ახალი სკოლა დაემატება:

„ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19 მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე გამოცემული და ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები არის შესული.

შეიძლება დაინტერესდეთ

2024 წლამდე პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ საქართველოს ყველა რეგიონის სკოლას დაფარავს

2024 წლამდე პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ საქართველოს ყველა რეგიონის სკოლას დაფარავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ქ. ზესტაფონში „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩართული საჯარო სკოლების საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი ფორუმი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე.

ფორუმის ფარგლებში პროექტში ჩართული 6 ადგილობრივი საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა 2019 წელს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვით მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. მონაწილეებმა, ასევე, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის, სასკოლო კულტურის განვითარების, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და კომპლექსური/პროექტული დავალებების საკითხები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში სამინისტროს მიერ სკოლებში სასწავლო კულტურის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად აუცილებელია თითოეული მოსწავლის ინტერესების იდენტიფიცირება და მათი პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნვა. ეკატერინე დგებუაძის თქმით, მსგავსი ფორუმების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან „ახალი სკოლის მოდელის“ მიღწევებზე ყურადღების გამახვილებასთან ერთად საჭიროა სკოლებში არსებული გამოწვევებისა და პროექტში ჩართული პედაგოგების რეკომენდაციების გათვალისწინებაც.

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე 165 სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში ხორციელდება. 2024 წლამდე პროექტი საქართველოს ყველა რეგიონის სკოლას დაფარავს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლის მოდელის პროექტში 2019 წლის მარტიდან ჩართული არიან: ქ. ზესტაფონის N5 , N6 და N7 საჯარო სკოლები, ხოლო 2019 წლის ოქტომბრის თვიდან: ქ. ზესტაფონის N1, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურისა და სოფელ ფუთის საჯარო სკოლები.

წაიკითხეთ სრულად