Baby Bag

„პრემიერს ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა,“ - ილია მეორე

„პრემიერს ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა,“ - ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მას დაჰპირდა, რომ საშუალო სკოლის პროგრამაში გალობას და ხალხურ სიმღერს შეიტანენ. ამის შესახებ პატრიარქმა ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას“, - განაცხადა ილია მეორემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფოლკლორის ცენტრი საქართველოს მასშტაბით 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს შვიდი ახალი სკოლა დაემატება:

„ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19 მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე გამოცემული და ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები არის შესული.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლების დაფინანსება გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების დანამატის ზრდა 100 ლარით - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს

სკოლების დაფინანსება გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების დანამატის ზრდა 100 ლარით - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.

ბიუჯეტის პროექტი კომიტეტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 738.1 მლნ ლარით. 

თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე: სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 007.5 მლნ ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია: 

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან;

​​მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
- 9.3 მლნ ლარამდე; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 18.2 მლნ ლარამდე; 

წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება - 885.0 მლნ ლარი; 

განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა - 240.0 მლნ ლარი; 

მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 26.3 მლნ ლარი; 

საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 23.6 მლნ ლარამდე; 

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ – 33.0 მლნ ლარი და სხვა; პროფესიული განათლება - 52.5 მლნ ლარი; 

უმაღლესი განათლება - 147.2 მლნ ლარი; 

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 65.5 მლნ ლარი; 

ინკლუზიური განათლება - 23.7 მლნ ლარი; 

ინფრასტრუქტურის განვითარება - 125.8 მლნ ლარი. მათ შორის:

​ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 54.0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 220 მლნ ლარამდე);

​პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 18.0 მლნ ლარი;

​უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები; ინფრასტრუქტურის განვითარება - 5.0 მლნ ლარი;

​კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 8.0 მლნ ლარი;

​სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 36.9 მლნ ლარზე მეტი;

სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 6.8 მლნ ლარი;

კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 68.7 მლნ ლარი;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 27.0 მლნ ლარამდე;

მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 127.1 მლნ ლარი. აღნშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია 2021 წელს ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები; კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 21.1 მლნ ლარი.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ გადამუშავდება და შესაძლოა, მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

წაიკითხეთ სრულად