Baby Bag

„ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას,“ - გია მურღულია პედაგოგების მიერ მოსწავლეებთან დაშვებულ შეცდომებზე

ფილოლოგმა გია მურღულიამ მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან დაშვებული ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგების მიერ დაშვებული შეცდომები ერთგვაროვანი არ არის:

„მასწავლებლების მიერ დაშვებული შეცდომები არ არის ერთგვაროვანი. შესაძლოა, დაუშვა შეცდომა გაკვეთილის დაგეგმვაში და მაშინ მთელი გაკვეთილი ცუდად წავა. შეიძლება რაღაც მომენტი გამოგრჩეს, რომელიც დაიბადა გაკვეთილზე, არ გადაეწყო იმ მომენტზე და ყველაფერმა ფუჭად ჩაგიაროს, რაც მანამდე დაგეგმე. შეიძლება მოსაწყენად ილაპარაკო და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას.

შეიძლება არ აღიარო შეცდომა, რომელიც დაუშვი გაკვეთილზე და შეეცადო, რომ შენიღბო ის, რათა შეინარჩუნო შენი სახე. იმ წუთას დაკარგავ ამ სახეს, როგორც კი შეეცდები, რომ ბავშვები მოატყუო, იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს კარგად ხვდებიან.

როგორ მინდა ვთქვა, არ დამიშვია შეცდომები-მეთქი, მაგრამ დამიშვია, რასაკვირველია. ჩემი პედაგოგიური ცხოვრების გარიჟრაჟზე იყო ასეთი შეცდომა. ახლა ამ შეცდომას აღარ ვუშვებ. ერთმა მოსწავლემ ცოტა დამცინავად მითხრა, რომ რასაც მე ვუებნებოდი სისულელე იყო. მეწყინა და ცოტა მკაცრად ვუპასუხე. როგორც მაშინ ამბობდნენ, მივუჩინე თავისი ადგილი. ამან არ გამოიღო კარგი შედეგი, პრობლემა დაბადა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გამოვიხმე გარეთ, არ მოვუხადე ბოდიში და არ ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, ის არ იყო სამართლიანო, როდესაც ეს მითხრა, მაგრამ მე პატივს მივაგებ მის აზრს. მასწავლებელს არ აქვს სხვა არჩევანი, არა იმიტომ, რომ ეს დაწერილია სადმე, არამედ იმიტომაც, რომ ის მასწავლებელია,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველ არხზე გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის გასეირნება,“- პედიატრი მაია ხერხეულიძე

„ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის გასეირნება,“- პედიატრი მაია ხერხეულიძე

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვის მშვიდად ჩაძინებისა და მისი უსაფრთხო ძილისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ახლა არის ბავშვის ზურგზე დაწოლის რეკომენდაცია, გვერდზე მობრუნებული თავით. გვერდზე წოლისას ისევ არის საფრთხე, რომ მუცელზე დაწვეს ბავშვი. როდესაც ბავშვი ფხიზელია, რეკომენდაციაა, რომ მუცელზე დავაწვინოთ ბავშვი. სულ ერთ პოზიციაში წოლის დროს თავის ფორმის პრობლემები შეიძლება იყოს. როდესაც ბავშვი არის ფხიზელი, თამაშის დროს, კი ბატონო, დავაწვინოთ მუცელზე.“

„კ​იდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადი. ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც შეხვალთ თუნდაც საავადმყოფოში, პალატაში პაციენტთან, გგონიათ, რომ უნდა დაეცეთ. საერთოდ უჟანგბადო გარემოა. თვლიან, რომ მთავარი არის სითბო, ამის მეტი არაფერი არ სჭირდებათ. ამ დროს ჟანგბადი მისთვის არის აბსოლუტურად აუცილებელი. მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ ჟანგადის ნაკლებობაც იწვევს აღგზნებას. ამიტომ ხშირად უნდა გაანიავონ ოთახი და ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის გასეირნება,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბრა.

წყარო:​ „შუადღე GDS”

წაიკითხეთ სრულად