Baby Bag

„ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას,“ - გია მურღულია პედაგოგების მიერ მოსწავლეებთან დაშვებულ შეცდომებზე

ფილოლოგმა გია მურღულიამ მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან დაშვებული ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგების მიერ დაშვებული შეცდომები ერთგვაროვანი არ არის:

„მასწავლებლების მიერ დაშვებული შეცდომები არ არის ერთგვაროვანი. შესაძლოა, დაუშვა შეცდომა გაკვეთილის დაგეგმვაში და მაშინ მთელი გაკვეთილი ცუდად წავა. შეიძლება რაღაც მომენტი გამოგრჩეს, რომელიც დაიბადა გაკვეთილზე, არ გადაეწყო იმ მომენტზე და ყველაფერმა ფუჭად ჩაგიაროს, რაც მანამდე დაგეგმე. შეიძლება მოსაწყენად ილაპარაკო და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას.

შეიძლება არ აღიარო შეცდომა, რომელიც დაუშვი გაკვეთილზე და შეეცადო, რომ შენიღბო ის, რათა შეინარჩუნო შენი სახე. იმ წუთას დაკარგავ ამ სახეს, როგორც კი შეეცდები, რომ ბავშვები მოატყუო, იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს კარგად ხვდებიან.

როგორ მინდა ვთქვა, არ დამიშვია შეცდომები-მეთქი, მაგრამ დამიშვია, რასაკვირველია. ჩემი პედაგოგიური ცხოვრების გარიჟრაჟზე იყო ასეთი შეცდომა. ახლა ამ შეცდომას აღარ ვუშვებ. ერთმა მოსწავლემ ცოტა დამცინავად მითხრა, რომ რასაც მე ვუებნებოდი სისულელე იყო. მეწყინა და ცოტა მკაცრად ვუპასუხე. როგორც მაშინ ამბობდნენ, მივუჩინე თავისი ადგილი. ამან არ გამოიღო კარგი შედეგი, პრობლემა დაბადა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გამოვიხმე გარეთ, არ მოვუხადე ბოდიში და არ ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, ის არ იყო სამართლიანო, როდესაც ეს მითხრა, მაგრამ მე პატივს მივაგებ მის აზრს. მასწავლებელს არ აქვს სხვა არჩევანი, არა იმიტომ, რომ ეს დაწერილია სადმე, არამედ იმიტომაც, რომ ის მასწავლებელია,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველ არხზე გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სკოლებმა რეგულაციების დაცვით უნდა დაიწყონ სწავლა. ეს ქვეყანა კიდევ წლები არ აიცრება, ბავშვების განათლებას ვერავის შევწირავთ“

„სკოლებმა რეგულაციების დაცვით უნდა დაიწყონ სწავლა. ეს ქვეყანა კიდევ წლები არ აიცრება, ბავშვების განათლებას ვერავის შევწირავთ“

სკოლებმა რეგულაციების დაცვით უნდა დაიწყონ სწავლა. ეს ქვეყანა კიდევ წლები არ აიცრება, ბავშვების განათლებას ვერავის შევწირავთ“ - ამის შესახებ USAID - ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე სოციალურ ქსელში წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

ვისაც არ უნდა სკოლაში სიარული, ონლაინ სწავლის არჩევანი უნდა ჰქონდეს. ყველანი ბუნაგის ცხოველები ვერ გავხდებით. მესამე აკადემიური წელია უკვე, რაც სწავლა ონლაინაა. ეს მთელი ეპოქაა ბავშვის ცხოვრებაში. ვინც ფიქრობს, რომ „რა დროს სკოლების გახსნაა“, იჯდეს სახლში და ისწავლოს ონლაინ. ვინც ამ პრობლემას უფრო გრძელვადიან მასშტაბში ვხედავთ და გამოკეტვა გამოსავალი არ გვგონია, უნდა მოგვეცეს ნორმალური სწავლა-განვითარების საშუალება. ურთიერთგამომრიცხავ გადაწყვეტილებებს და არათანმიმდევრულ პოლიტიკას (ვაქცინის სიკეთეების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებული გავრცელება, თავად დაგვიანებული ვაქცინაცია, ჯარიმების ზარ-ზეიმით პატიება, რეგულაციების სრულად მოხსნა და უკონტროლობა) ბავშვების ინტერესები ეწირება, კოვიდით დაშინებული ერი კი დუმს. „აი, ოღონდ დღეს გადავრჩეთ და რა დროს სწავლაა“, ასე გრძელდება მესამე აკადემიური წელია. სწორედ იმიტომ გვაქვს ამ ზაფხულს ამდენი დაკარგული სიცოცხლე, რომ არათანმიმდევრულები ვართ. ბავშვებმა რატომ უნდა ზღონ არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგები? მათ დღეს სკოლაში სიარული ჰაერივით სჭირდებათ. სკოლის გახსნის გარეშე კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყანას მივიღებთ შედეგად“, - წერს მარინა უშვერიძე.

წაიკითხეთ სრულად