Baby Bag

„ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას,“ - გია მურღულია პედაგოგების მიერ მოსწავლეებთან დაშვებულ შეცდომებზე

ფილოლოგმა გია მურღულიამ მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან დაშვებული ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგების მიერ დაშვებული შეცდომები ერთგვაროვანი არ არის:

„მასწავლებლების მიერ დაშვებული შეცდომები არ არის ერთგვაროვანი. შესაძლოა, დაუშვა შეცდომა გაკვეთილის დაგეგმვაში და მაშინ მთელი გაკვეთილი ცუდად წავა. შეიძლება რაღაც მომენტი გამოგრჩეს, რომელიც დაიბადა გაკვეთილზე, არ გადაეწყო იმ მომენტზე და ყველაფერმა ფუჭად ჩაგიაროს, რაც მანამდე დაგეგმე. შეიძლება მოსაწყენად ილაპარაკო და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას.

შეიძლება არ აღიარო შეცდომა, რომელიც დაუშვი გაკვეთილზე და შეეცადო, რომ შენიღბო ის, რათა შეინარჩუნო შენი სახე. იმ წუთას დაკარგავ ამ სახეს, როგორც კი შეეცდები, რომ ბავშვები მოატყუო, იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს კარგად ხვდებიან.

როგორ მინდა ვთქვა, არ დამიშვია შეცდომები-მეთქი, მაგრამ დამიშვია, რასაკვირველია. ჩემი პედაგოგიური ცხოვრების გარიჟრაჟზე იყო ასეთი შეცდომა. ახლა ამ შეცდომას აღარ ვუშვებ. ერთმა მოსწავლემ ცოტა დამცინავად მითხრა, რომ რასაც მე ვუებნებოდი სისულელე იყო. მეწყინა და ცოტა მკაცრად ვუპასუხე. როგორც მაშინ ამბობდნენ, მივუჩინე თავისი ადგილი. ამან არ გამოიღო კარგი შედეგი, პრობლემა დაბადა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გამოვიხმე გარეთ, არ მოვუხადე ბოდიში და არ ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, ის არ იყო სამართლიანო, როდესაც ეს მითხრა, მაგრამ მე პატივს მივაგებ მის აზრს. მასწავლებელს არ აქვს სხვა არჩევანი, არა იმიტომ, რომ ეს დაწერილია სადმე, არამედ იმიტომაც, რომ ის მასწავლებელია,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველ არხზე გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი 2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსებს აცხადებს

მასწავლებლის სახლი 2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსებს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით, ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს.

ცენტრის ცნობით, 2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად ცხადდება კონკურსები:

  • 2021 წლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საუკეთესო მასწავლებელი;
  • 2021 წლის ფიზიკის საუკეთესი მასწავლებელი;
  • 2021 წლის ქიმიის საუკეთესო მასწავლებელი.
  • 2021 წლის ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებელი;
  • 2021 წლის ბუნებისმეტყველების საუკეთესო მასწავლებელი;
  • 2021 წლის მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი;

როგორც მასწავლებლის სახლში აცხადებენ, თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

„კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების, მათემტიკის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე 3-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით.

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

კონკურსში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:

ა) თავად პედაგოგს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ. ​ბმული).

ბ) პედაგოგიური / სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლის ადმინისტრაციას;

გ) ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და/ან არასამთავრობო ორგანიზაციას;

დ) საგანმანათლებლო რესურცენტრებს;

ე) პროფესიულ გაერთიანებას.

„ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ მასწავლებლის კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის შემდეგ ცენტრი წერილობით მიმართავს მასწავლებელს იმისთვის, რათა მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა ცენტრის ვებგვერდზე მითითებული ბმულის მეშვეობით ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.

რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 30 მარტიდან - 30 აპრილის ჩათვლით.

კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საგნისა და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა - რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება), და ზეპირად (მაქსიმუმ 3-წუთიანი ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ ჩემი პედაგოგიური კრედოს საშუალებით, რომელიც შეფასდება, N5 დანართით განსაზღვრული „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ შეფასების რუბრიკით, ასევე, მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე / გაკვეთილებზე დასწრებით; (გაკვეთილი ფასდება მასწავლებელის შეფასების სტანდარტიზირებული ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ“ ცენტრის დირექტორის ფუნქციების დროებითი შემსრულებლის 2019 წლის 12 ივნისის N124 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის ან/და ცენტრის დირექტორის ბრძანება N745829 „ონლაინ გაკვეთილის შეფასების რუბრიკის“ მიხედვით).

ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);

გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა - რაც დადასტურდება მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესების ამსახველი მასალით (მაგ., მოსწავლეების მხრიდან აკადემიური მოსწრების, დასწრების/ქცევის გაუმჯობესება);

დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება - რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;

ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება - რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;

ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - რაც გამოვლინდება მასწავლებლის როლით და მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ (მაგ., მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, სკოლისა და თემისათვის გაწეული ღვაწლი, დამსახურება).

ზ) პროფესიული განვითარება დ აგამოცდილების გაზიარება - რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (მაგ., ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით); სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით;

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ​ბმულს:

საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.

საკონკურსო ვიდეოში (მაქსიმუმ 3წთ. ხანგრძლივობის) ისაუბრეთ:

1. თქვენთვის, როგორც პედაგოგისათვის მნიშვნელოვანი პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ;

2. აღნიშნეთ (მოიყვანეთ მაგალითები), როგორ ასახვას პოულობს ეს პრინციპები და ღირებულებეი თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

გთხოვთ, ვიდეოჩანაწერი გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected],“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად