"ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოდიან ბავშვები, რომლებსაც უჭირთ სწავლა. უცნაურია, ხომ? ძალიან ბევრი რამ კეთდება სკოლაში, მაგრამ ასეთი შემთხვევა ხშირია. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ბავშვს ქართულად კითხვა უჭირს და ინგლისურად - არა. ეს კიდევ უცხო ფენომენია", - ამის შესახებ ნეიროფსიქოლომა, თამარ გაგოშიძემ გადაცემაში ,,შუადღე" ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, სკოლა საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანი მომავალი ცხოვრებისთვის მოემზადოს, ის კი წერა-კითხვის გარეშე არ არსებობს.
გაგოშიძის თქმით, გაჯეტები და სახელმძღვანელოები კონკურენტად ვერ გამოდგება, რადგან გაჯეტები არის მრავალფეროვანი და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი, შავ-თეთრი ტექსტები კი აღარ აინტერესებთ, რასაც აქვს თავის შედეგი.
"როცა ბავშვი ხედავს, რომ მისი ყველა თანატოლი კითხვას მარტივად ართმევს თავს და თავად ვერ აკეთებს, ხდება პიროვნების გაუფასურება. როცა ბავშვს უჭირს წერა-კითხვა, ამას ვეძახით დასწავლის უნარის დაქვეითებას. ყველას შეუძლია სწავლა, მაგრამ მიზანმიმართული დასწავლის პრობლემა შეიძლება, ზოგიერთს ჰქონდეს. ასეთ ბავშვებს ინტელექტი მაღალი აქვს და როცა ხედავენ, რომ რაღაც ელემენტარულს ვერ აკეთებენ, ეს არის მათი გაუფასურების მაქსიმუმი.
არ მიყვარს წყნარი ბავშვები, ჩუმად არიან და ეს კომფორტულია მშობლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც. თუმცა, არ იცი, შიგნით რა აქვს ბავშვს. ხმაურიანი ბავშვი ითხოვს შველას და უფრო ჩანს პრობლემა, რისი მოგვარებაც დროულად შეიძლება. ამიტომ, თანამონაწილეობა და ჩართულობა პროცესში აუცილებელია", - ხაზს უსვამს თამარ გაგოშიძე.