Baby Bag

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა.

მინისტრმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად, სკოლის ინფრასტრუქტურა და განახლებული შენობა დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.

1100 მოსწავლეზე გათვლილი თბილისი 160-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. რეაბილიტირდა ფასადი, სახურავი, სველი წერტილები, სასწავლო და ადმინისტრაციული ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, შიდა და გარე სპორტული მოედნები. პროექტის ფარგლებში დასრულდა გათბობის, წყალ-საკანალიზაციო, ელექტრო გაყვანილობის სისტემა.

მოგეხსენებათ, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ხოლო წლის ბოლომდე ჯამში 100-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/ სრული რეაბილიტაცია.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად 28 147 მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, გარემოში გააგრძელებს.

ამასთან, 2024 წლის შემოდგომაზე გამოცხადდება სახელმწიფო შესყიდვა 15 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტირებაზე და 23 სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე.

მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

2024-2025 სასწავლო წელს, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გრძელდება ტრანსპორტირების პროგრამა.

2024-2025 სასწავლო წელს სკოლები სიახლეებით ხვდებიან – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.

საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელებმა და დამრიგებლებმა მიიღეს პორტაბელური კომპიუტერები.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სახელფასო სისტემა, რომლის მთავარი პრინციპი სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნაა. ახალი სახელფასო სისტემის ფარგლებში მასწავლებლის ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზარდა. კერძოდ, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზარდა.

იხილეთ სკოლების ჩამონათვალი

შეიძლება დაინტერესდეთ

სქესობრივი აღზრდის შესახებ გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები - სოფო კილაძე

სქესობრივი აღზრდის შესახებ გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები - სოფო კილაძე

სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია „ბავშვთა კოდექსში”, რომლის პროექტსაც კომიტეტი დღეს, 26 მარტს, განიხილავს:

„გადავწყვიტეთ, კანონპროექტში ჩაგვეწერა მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. რომელიმე მშობელს თუ უნდა თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არა აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება მშობელი იმ კონკრეტული გაკვეთილების შინაარსს არ ეთანხმებოდეს და ასე შემდეგ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას ან სხვა კონფესიებს, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ საკითხთან დაკავშირებით.

„უბრალოდ, მინდა ვკითხო საზოგადოებას - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? რა თქმა უნდა, არ შეიძლება“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

წაიკითხეთ სრულად